რუჩეკი საქართველოზე

რუჩეკი: ევროინტეგრაციას სჭირდება კონსენსუსი მთავრობასა და ოპოზიციას შორის

mediamania.cz

ევროპარლამენტარ ლიბორ რუჩეკის აზრით, საქართველოს დემოკრატიისა და ევროინტეგრაციისთვის ახლა ისტორიული დროა. მისი თქმით, გასული წელს ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარების შემდეგ, 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებმა საქართველოს დემოკრატიის ხარისხი დაამტკიცა. არჩევნებში ქართული ოცნების კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის გამარჯვებამ კი ხაზი გაუსვა პოლიტიკური სურათის ცვლილებას, რამდენადაც სააკაშვილის მმართველობის ეპოქა დასასრულს მიუახლოვდა.

"ის, რომ ასეთი დამაჯერებელი ცვლილებები რაიმე მნიშვნელოვანი პოლიტიკური არასტაბილურობის გარეშე განხორციელდა, ადასტურებს საქართველოს დემოკრატიის სიმწიფესა და სიძლიერეს. ეს მიღწევა კიდევ უფრო აღსანიშნავია საქართველოს უსაფრთხოების მძიმე მდგომარეობის თვალსაზრისით და რუსეთის მხრიდან ვილნიუსის სამიტის წინ თბილისსა და აღმოსავლეთ პარტნიორიობის ქვეყნებზე გაზრდილი ზეწოლის ფონზე.

როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანა, საქართველო დაბეჯითებით იმსახურებს ევროკავშირთან ურთიერთობების ხარისხიან გაუმჯობესებას. სწორედ ამიტომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმის უზრუნველყოფა, რომ ვილნიუსში ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების პარაფირება მოხდეს. ხოლო შემდეგ ხელი მოეწეროს და რაც შეიძლება მალე ძალაში შევიდეს", - წერს ლიბორ რუჩეკი.

ევროპარლამენტარის აზრით, მომდევნო თვეებსა და წლებში საქართველოს მთავრობის პრიორიტეტი, ევროკავშირის დახმარებით, ინსტიტუტების შენება და კანონის უზენაესობის გაძლიერება უნდა იყოს.

"საქართველოს მდგრადი დემოკრატიული წინსვლისთვის ქვეყანას სტაბილური და სანდო ინსტიტუტები სჭირდება, ასევე პარლამენტის, როგორც ძლიერი მეთვალყურის როლი. საქართველო უნდა გათავისუფლდეს პერსონალიზებულ პოლიტიკაზე დამოკიდებულებისგან, რომლითაც გამორჩეული იყო მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდი. პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილის თანამდებობიდან წასვლა კი, შესაძლოა, ამ მემკვიდრეობასთან გამკლავების შესაძლებლობა იყოს", - აღნიშნავს ევროპარლამენტარი. 

ევროპარლამენტარის აზრით, "საბოლოოდ, საქართველოს ევროინტეგრაცია მხოლოდ მაშინ იქნება წარმატებული, თუ ქვეყანა შიდა კონსენსუსის მიღწევისკენ სვლას განაგრძობს. ამას სჭირდება კონსტრუქციული ურთიერთობა მთავრობას, ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის. ამ მხრივ, ბოლო საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები იმედის მომცემია საქართველოს ევროპული მომავლისთვის", - წერს ლიბორ რუჩეკი.

კომენტარები