კალათბურთის ფედერაცია

რატიშვილი: მიმდინარეობს ქართული კალათბურთის მიზანმიმართული გახლეჩვა

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გენერალური მდივნის მერაბ რატიშვილის განცხადებით, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პარალელურად, მეწარმეთა არასაწარმოო იურიდიული პირების რეესტრში, ალტერნატიული კალათბურთის ფედერაციაა დარეგისტრირებული. ამის შესახებ გენერალურმა მდივანმა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა სპორტტაიმში განაცხადა.

რატიშვილის თქმით, ორგანიზაციის დამფუძნებელი, კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი მიხეილ ახვლედიანია.

"2013 წლის 7 ივნისს, საფუძნდა და დარეგისტრირდა ორგანიზაცია, სახელად საქართველოს კალათბურთის ფედერაცია. მისი დამფუძნებლები არიან მიხეილ ახვლედიანი, ფედერაციის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი და მისი კავშირის წევრები. საქართველოს ეროვნული ფედერაციის პარალელურად, რომელსაც კანონით აქვს მინიჭებული ეროვნული სტატუსი, არის ფიბას და ფიბა ევროპის წევრი, იქმნება რაღაც პარალელური სტრუქტურა, რომლის დასახელებიდანაც ამოღებულია სიტყვა ეროვნული. მე მიჩნდება კითხვა, ეს რა არის? რას ნიშნავს? რატომ ხდება პარალელური სტრუქტურის დაფუძნება? ნიშნავს თუ არა იმას, რომ მიმდინარეობს მიზანმიმართულად კალათბურთის გახლეჩვა? რა არის ამის მიზანი, რომ სეპარატიზმი შემოვიტანოთ ქართულ კალათბურთში?" - განაცხადა მერაბ რატიშვილმა.

კალათბურთელთა კავშირში აცხადებენ, რომ მათ ქმედებებში უკანონო არაფერია და კალათბურთის ფედერაციის გამგეობის წევრებს სატელევიზიო დებატებში იწვევენ.

ყველას შეუძლია დაარეგისტრიროს აიპ ორგანიზაცია. ეს ისეთივე აიპ ორგანიზაციაა, როგორც საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია. ამ ორგანიზაციის მიზანი მომავალში იქნება ის, რომ კალათბურთის საზოგადოებაში იყოს აქტიურად ჩართული, მოიპოვოს დაფინანსებები. ის კლუბები, რომლებიც ყველა გასაგები მიზეზის გამო ბოიკოტს უცხადებენ ეროვნულ ფედერაციას, მათ სჭირდებათ ალტერნატიული "ფედერაცია". რადგან ასეთი გაურკვევლობაა თუ რა წერია შიგნით, მინდა პირდაპირ ეთერში, დებატებში მოვიწვიო მთლიანი გამგეობის შემადგენლობა", - განაცხადა კალათბურთელთა კავშირის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა დავით საყვარელიძემ.

კომენტარები