პრეზიდენტის ინაუგურაცია

პრეზიდენტის ინაუგურაციაზე სააკაშვილს და შევარდნაძეს მიიწვევენ

facebook.com/maiapanjikidzeofficial

17 ნოემბერს გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციაზე მიწვეული იქნებიან მიხეილ სააკაშვილი და ედუარდ შევარდნაძე, ასევე პარლამენტი სრული შემადგენლობით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ, საგარეო საქმეთა სამინისტროში ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის მოსამზადებელი სამთავრობო კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

ფანჯიკიძის თქმით, 27 ოქტომბერს საქართველოში ჩატარდა ნამდვილი ევროპული სტანდარტის აჩევნები და, შესაბამისად, ინაუგურაციაც ევროპული სტანდარტის იქნება.
როგორც ფანჯიკიძემ აღნიშნა, ევროპის დიდ ქვეყნებში ინაუგურაცია ხშირად იმართება პარლამენტის შენობის სხდომათა დარბაზში. "სამწუხაროდ, თბილისში ჩვენ ამის საშუალება არ გვაქვს, ამიტომ ვიპოვეთ ოპტიმალური ვარიანტი იმისთვის, რომ ეს ინაუგურაცია იყოს სადა, რაც მთავარია არ დაჯდეს დიდი თანხა და ამიტომ გადავწყვიტეთ ინაუგურაცია ჩატარდეს თბილისში, პარლამენტის შიდა ეზოში. გარდა ამ ღონისძიებისა, აუცილებლად იქნება სამხედრო კომპონენტი, შესრულდება საქართველოს ჰიმნი, იქნება დროშის აღმართვა", - განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, 17 ნოემბერს ინაუგურაციისადმი მიძღვნილი ოთხი ღონისძიება გაიმართება -   საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის ეზოში ფიცს დადებს, შემდეგ ის გაემგზავრება გმირთა მოედანზე, სადაც პატივს მიაგებს საქართველოს გმირებს. ამის შემდეგ საზეიმო კონცერტი და უცხოელი სტუმრებისათვის მიღება არის დაგეგმილი.

რაც შეეხება სამხედრო კომპონენტს, ფანჯიკიძის განცხადებით, ინაუგურაციაზე არ იქნება წარმოდგენილი ავიაცია და მძიმე ტექნიკა, საზეიმო კონცერტში კი მონაწილეობას არ მიიღებენ მოწვეული შემსრულებლები.

"ჩვენ სულ 70-მდე მოსაწვევი გავგზავნეთ პარტნიორ ქვეყნებში. მათ შორის არ იქნება რუსეთის დელეგაცია", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, ღონისძიებები 17 ნოემბერს 13:00 საათიდან დაიწყება, ხოლო კონცერტი - 18:00 საათის შემდეგ იგეგმება.

კომენტარები