პატიმრების შეწყალება

თევდორაძე: მაიზერ ლიპარტელიანის შეწყალებაზე რეკომენდაცია არ გაგვიცია

radiotavisupleba.ge

შეწყალების კომისიის თავმჯდომარის, ელენე თევდორაძის თქმით, კომისიას მაიზერ ლიპარტელიანის, დავით ადეიშვილისა და ნიკოლოზ ძიმიცეიშვილისთვის შეწყალების რეკომენდაცია არ გაუცია.

თევდორაძის თქმით, 70 პატიმარზე მეტი შესაწყალებელ პირთა სიაში ისე შეიყვანეს, რომ მან ამის შესახებ არ იცოდა. მისივე თქმით, პრეზიდენტის გადაწყვეტილებას არანაირი კანონი არ არეგულირებს. შეწყალების კომისია კი სარეკომენდაციო ორგანოა, რომელსაც შეიძლება პრეზიდენტი ან დაეყრდნოს ან - არა, მაგრამ მას სრული უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება. თევდორაძემ ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტს შეეძლო კომისია არ მოეწვია და შეეწყალებინა ის, ვისაც საჭიროდ ჩათვლიდა.

"მაიზერ ლიპარტელიანზე, კომისიას შეწყალების რეკომენდაცია არ გაუცია. აღნიშნული პირები სიაშიც არ ყოფილან. მათი გვარები იმ სიაშიც არ არის, ვინც კი პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა. როგორ განვიხილავდით მაგალიათად ადეიშვილის საქმეს, როდესაც იგი ციხეში არ მჯდარა? ჩვენ ხომ საქმეს ციხე გვიგზავნის. ეს იმდენად აბსურდულია, ჩემთვის მოულოდნელი იყო. 1995 წლიდან კომისიაში ვიყავი, 10 წელია თავმჯდომარე ვარ, ასეთი შემთხვევა არის პირველი, როდესაც პატიმარი არის გაქცეული და პრეზიდენტმა შეიწყალა", - თქვა თევდორაძემ.

ელენე თევდორაძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს ანდრო ბარნოვსაც მიმართა.

"მე მინდა მივმართო ბატონ ანდროს, ინტელიგენტი კაცია, პატივს ვცემდი, მაგრამ ჯობია, სიმართლე ილაპარაკოს ახლა რომ ამთავრებს თავის საქმიანობას. პრეზიდენტი ზუსტად ბარნოვს ავალებდა, როგორც აპარატის უფროსს, მოემზადებინა დამატებითი საქმეები რაც არ შედიოდა კომისიაში. მან ძალიან კარგად იცის ეს, სანამ პრეზიდენტთან აიტანდა სიას, თავად გაიარა ჩვენი სარეკომენდაციო სია და ძალიან კარგად იცის, ვინ იყო ამ სიაში და ვინ - არა", - განაცხადა ელენე თევდორაძემ და აღნიშნა, რომ თავად იმ ოქმს მოაწერს ხელს, სადაც მისი რეკომენდაციით შეწყალებული პირები არიან.

ელენე თევდორაძემ ასევე თქვა, რომ 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე შეწყალების კომისია არაკომფორტულ მდგომარეობაში იყო.

"ჩვენ ვმუშაობდით, საათობით ვკამათობდით, მერე ჩვენი სიები თურმე პროკურატურაში მიდიოდა. პირები, რომლებსაც დარჩენილი ჰქონდათ სასჯელი 6 თვე, ერთი წელი, წელიწად-ნახევარი, რჩებოდნენ ციხეში და ვიღაცეები, ვისაც ჰქონდათ 17, 20 წელი ხვდებოდნენ გარეთ. მე ამას ვგებულობდი ტელევიზიით. ე.ი. პროკურატურა ცხრილავდა ჩვენს სიებს. საპატრიარქოსაც ჰქონდა სიები. საპატრიარქოდან 1200 საქმეს გააგზავნიდნენ, იმ სიიდან 2 ადამიანს ამოიღებდნენ, დანარჩენს - არა. ჩვენი სია იცხრილებოდა. ის, რასაც პროკურატურა ამზადებდა, შედიოდა პრეზიდენტთან ხელმოსაწერად. ნამდვილად არ ვიცი, იცოდა თუ არა პრეზიდენტმა ეს ვისი სია იყო", - თქვა თევდორაძემ.

კომენტარები