დირექტორების კონკურსი

დირექტორობის ცხრა მსურველს ხელმეორე ტესტირება ჩაუტარდა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით, საჯარო სკოლის დირექტორობის ცხრა მსურველს, "რომელთა ტესტზე მუშაობის პროცესზეც გავლენა ჯანმრთელობის მდგომარეობამ იქონია", დამატებითი ტესტირება ჩაუტარდათ. დირექტორობის მსურველთა ხელმეორე ტესტირება 25 ოქტომბერს გაიმართა. როგორც განათლების სამინისტროში ტაბულას უთხრეს, 60%-იანი ბარიერი ცხრიდან ორმა კანდიდატმა გადალახა.

შეგახსენებთ, რომ დირექტორთა სასერტიფიკაციო გამოცდები 2013 წლის აგვისტოში დაიწყო. სერტიფიცირების პირველ ეტაპზე ბარიერი მონაწილეთა 52%-მა გადალახა. 3300 მსურველიდან, გასაუბრებაზე გასვლის უფლება 1716-მა კონკურსანტმა მოიპოვა.

სერტიფიცირების მეორე ეტაპი (გასაუბრება) 22 ოქტომბერს დაიწყო. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, გასაუბრება ჯერჯერობით, დირექტორობის მხოლოდ იმ მსურველებს ეხებათ, რომლებმაც ტესტირება წარმატებით 2012 წელს გაიარეს. იმ კანდიდატებისათვის, რომელთაც სერტიფიცირების ტესტირების ეტაპი 2013 წელს გადალახეს, გასაუბრების განრიგი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

კომენტარები