დირექტორების კონკურსი

ენმ: სკოლის დირექტორების კონკურსი უსამართლობის განცდას ტოვებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შეფასებით, საჯარო სკოლების დირექტორების შესარჩევი რამდენიმეეტაპიანი კონკურსი უსამართლობის განცდას ტოვებს. როგორც დღევანდელ ბრიფინგზე უმცირესობის წევრმა სერგო რატიანმა განაცხადა, ნაციონალური მოძრაობა ამ საკითხზე, საკომიტეტო მოსმენებს ითხოვს. მისი თქმით, განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ დირექტორებს, ვინც გადალახა ტესტირების ეტაპი, ჭრიან გასაუბრების ეტაპზე.

"ასეთი შემთხვევები უკვე საკმაოდ ბევრია. ტესტირებების სირთულესა და მნიშვნელობაზე მეტყველებს ის გარემოება, რომ 2013 წლის 21-22 აგვისტოს ჩატარდა საჯარო სკოლების დირექტორების შერჩევის პირველი, ტესტირების ეტაპი. ტესტირებაზე გამოცხადდა 3 107 კონკურსანტი, აქედან 1 615–მა მსურველმა გადალახა ბარიერი, ხოლო, 1492–მა მსურველმა ვერ გადალახა დადგენილი ბარიერი. ამ მოცემულობაში განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ის გარემოება, რომ დირექტორებმა, რომლებმაც გადალახეს საკმაოდ რთული ტესტების ეტაპი და მიიღეს მაღალი ქულები, უარყოფითი შეფასებები მიიღეს გასაუბრების დროს, რომლის კრიტერიუმები იყო ბუნდოვანი. არ არსებობდა არავითარი მექანიზმი გასაუბრების ობიექტურობის უზრუნველსაყოფად. ჩვენთვის საინტერესოა კომისიის შემადგენლობა და იღებდნენ თუ არა ამ პროცესში მონაწილეობას არასამთავრობოები, ან სხვა გარეშე დამკვირვებლები. ჩვენი ინფორმაციით, ზოგ კანდიდატს სამი, ზოგს ოთხი და ზოგს კი, ხუთი წევრი აფასებდა. განსხვავებული კომისია აფასებდა თბილისისა და რეგიონების კანდიდატებს. გასარკვევია, რამდენად საერთო კრიტერიუმები ჰქონდათ მათ. გასაუბრების ძირითადი კითხვები იყო: სახელი, გვარი, რას საქმიანობდით წარსულში და რა სამომავლო გეგმები გაქვთ. ასეთი კითხვები ვერ უზრუნველყოფს ობიექტური დასკვნის გამოტანას" - აცხადებს რატიანი.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შეფასებით, უსამართლობის განცდას ტოვებს ის ფაქტიც, რომ 22.10.2013 განათლების მინისტრის ბრძანების საფუძველზე დაინიშნა დამატებითი ტესტირებები იმ მსურველთათვის, რომელთა ტესტზე მუშაობის პროცესზე გავლენა იქონია ჯანმრთელობის მდგომარეობამ. პარტია აღნიშნავს, რომ ბრძანების საჯაროობა არ იყო საკმარისად უზრუნველყოფილი და ვადა ბრძანების გამოცემიდან ტესტირების დღის დანიშვნამდე იყო მაქსიმალურად შეზღუდული.

"იქმნება შთაბეჭდილება, რომ მიმდინარეობს კამპანია არსებულ დირექტორთა კორპუსის წინააღმდეგ. საჯარო სკოლების დირექტორების კონკურსის შესახებ საკმაოდ ბევრი ინფორმაცია მოდის. მივმართავთ ყველა კონკურსანტს არსებული დარღვევების შესახებ მოგვწერონ ჩვენ, მისწერონ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტს. შექმნილ ვითარებაში აუცილებლად მიგვაჩნია საჯარო სკოლების დირექტორების კონკურსთან დაკავშირებით დაინიშნოს საკომიტეტო მოსმენები" - თქვა სერგო რატიანმა.

11 თებერვალს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ განაცხადა, რომ დირექტორების სერტიფიცირების პროცესის მეორე რაუნდი მარტში გაიმართება. მინისტრის განმარტებით, სერტიფიცირების მეორე რაუნდში მონაწილეობის მიღება იმ დირექტორებსაც შეეძლებათ, ვინც აღნიშნული პროცესი წარმატებით ვერ გაიარა. 

თამარ სანიკიძის თქმით, დირექტორებთან გასაუბრება დირექტორებთან სტრუქტურირებულად ჩატარდა, რაც ნიშნავს, რომ ყველა დირექტორს ერთი და იმავე შეკითხვებს უსვამდნენ. მისი ინფორმაციით, დირექტორობის კანდიდატებს აფასებდა კომისია, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ განათლების სისტემის წარმომადგენლები, სპეციალისტები, მოწვეული ექსპერტები, ფსიქოლოგები.

"სერტიფიცირების ეტაპის გადალახვა-არგადალახვა დირექტორების სამუშაოზე დღეისთვის არ აისახება. როდესაც უკვე ჩატარდება კონკრეტულად კონკურსი კონკრეტული სკოლისთვის, აქ უკვე შესაძლებელია, ასეთი კადრები შეიცვალოს და ისინი შეცვალონ კონკურსის წესით დანიშნულმა დირექტორებმა", - აღნიშნა თამარ სანიკიძემ.

მინისტრის თქმით, სერტიფიცირების პირველი რაუნდიდან გამომდინარე არ არსებობს საკმარისი კონტინგენტი, რათა დირექტორების კონკურსი სრულფასოვნად ჩატარდეს. აქედან გამომდინარე, სამინისტრო სერტიფიცირების მეორე რაუნდის გამართვას გეგმავს.

"დღეისათვის ჩვენ არ გვყავს საკმარისი კონტინგენტი, რათა დავიწყოთ უშუალოდ დირექტორების კონკურსი, ამიტომ ვგეგმავთ სერტიფიცირების კიდევ ერთი რაუნდის გამეორებას, ეს დაიწყება მარტისთვის და სავარაუდოდ დასრულდება აკადემიური წლის ბოლოს", - განაცხადა თამარ სანიკიძემ და აღნიშნა, რომ სერტიფიცირების პროცესში კონკურსები ნორმალურად ჩატარდა. თუმცა მინისტრის თქმით, თუ ვინმეს პრეტენზია და შეკითხვები აქვს, სასამართლოში გასაჩივრების უფლება აქვს.

კომენტარები