ვანო მერაბიშვილის საქმე

კჟიშტოფ ლისეკი: მერაბიშვილი ოპტიმისტურად არის განწყობილი

eppgroup.eu

ევროპარლამენტარმა კჟიშტოფ ლისეკმა სამ კოლეგასთან ერთად, ყოფილი პრემიერი ვანო მერაბიშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოინახულა. როგორც ლისეკმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი თავს კარგად გრძნობს და ოპტიმისტურად არის განწყობილი.

"თუმცა, ის ვარაუდობს, რომ საპატიმროში დარჩენა მომდევნო ოქტომბრამდე მოუწევს", - თქვა ლისეკმა და იმედი გამოთქვა, რომ ვანო მერაბიშვილის საქმის გამოძიება გამჭვირვალედ და სამართლიანად ჩაივლის. ევროპარლამენტარმა აღნიშნა, რომ ყოფილ პრემიერს საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებზეც ესაუბრა.

"ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ ის კარგად არის და ძალიან ოპტიმისტურად არის განწყობილი იმის მიუხედავად, რომ მერაბიშვილის აზრით, ციხეში დარჩენა მომდევნო წლის ოქტომბრამდე მოუწევს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გამოძიების პროცესი გამჭვირვალე იქნება და სასამართლო ევროპული სტანდარტებით იხელმღვანელებს. მერაბიშვილმა თქვა, რომ მისთვის ქართული ოცნების კანდიდატის გამარჯვება მოსალოდნელი იყო. ის ძალიან მოხარულია, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ 20 პროცენტი მიიღო", - აღნიშნა ლისეკმა.

 

კომენტარები