არჩევნები 2013

უგულავა: ნაციონალური მოძრაობა არათუ არსებობს, მთავარი ოპოზიციური ძალაა

მიუხედავად ერთწლიანი აღვირახსნილი ეპოპეისა პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ, ეს პარტია არათუ არსებობს, არამედ წარმოადგენს მთავარ ოპოზიციურ ძალას. ამის შესახებ თბილისის მერმა გიგი უგულავამ განაცხადა.

"მეტსაც აღვნიშნავ, ის, რაც ვერ შეძლო დღევანდელმა ხელისუფლება, როდესაც ისინი იყვნენ ოპოზიციაში, შეძლო ნაციონალურმა მოძრაობამ ანუ შექმნა ის ახალი სტანდარტი ოპოზიციის, რომლის ქვევით არცერთი ოპოზიციური პარტია არ უნდა ჩავიდეს", - აღნიშნა უგულავამ. მისივე თქმით, ნაციონალური მოძრაობა არის დღესდღეობით ერთადერთი პარტია, რომელსაც აქვს მწყობრი იდეოლოგია, რომელსაც ყავს განახლებული გუნდი და რომელსაც შეუძლია იყოს ღირსეული ოპოზიცია და დაარწმუნოს საზოგადოება თავისი ღირებულებების უპირატესობაში.

გიგი უგულავას თქმით, ის პატივს სცემს ქვეყნის მოქალაქეების არჩევანს და ამიუხედავად იმისა, რომ ჯერ ციფრები ცესკოს მიერ დადასტურებული არ არის, ის ულოცავს კოალიცია ქართული ოცნების პრეზიდენტობის კანდიდატს გიორგი მარგველაშვილს არჩევნებში გამარჯვებას. "ამ ყველაზე რთულ პერიოდში მას მოუწევს საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დაცვა და მე მინდა გულწრფელად ვისურვო, რომ ის ღირსეულად გაართმევს თავს იმ ბევრ პრობლემას, რომელიც თუნდაც მის გამონათქვამებში, მის მოსაზრებებში არსებობდა, სანამ ის პრეზიდენტი გახდებოდა, უკვე ამ რანგში გადახედავს და უფრო პრინციპული და თანმიმდევრული იქნება საქართველოს, განსაკუთრებით საერთაშორისო ასპარეზზე, საქართველოს ინტერესების დაცვაში", - აღნიშნა გიგი უგულავამ.

როგორც თბილისის მერმა, გიგი უგულავამ გამოთქვა სურვილი, რომ მარგველაშვილი არ გააგრძელებს დღევანდელი მთავრობის მიერ თბილისის იგნორირების დამკვიდრებულ ტრადიციას. "მე იმედი მაქვს, რომ ამ თვალსაზრისით, თბილისელებს ეყოლება მოკავშირე პრეზიდენტი სახით", - განაცხადა უგულავამ.

რაც შეეხება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სამომავლო გეგმებს, თბილისის მერი მიიჩნევს, რომ ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ადგილობრივი არჩევნებისთვის მზადება უნდა დაიწყოს. "პარტიის მომავალი შეიქმნა დღეს. პარტია არსებობს, პარტია არის ძლიერი", - აღნიშნა გიგი უგულავამ. 

კომენტარები