მიუხედავად ერთწლიანი კამპანიისა ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ, პრაქტიკულად ყოველმა მეოთხე ამომრჩეველმა, რომელიც დღეს მივიდა საარჩევნო ყუთებთან, მხარი დაუჭირა ნაციონალურ მოძრაობას. ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.
"ეს მოხდა იმ ფონზე, როდესაც ბოლო 1 წლის განმავლობაში პარტიის წინააღმდეგ მიმდინარეობდა კამპანია, როდესაც პარტიის გენერალური მდივანი იმყოფება პატიმრობაში, როდესაც ძალიან ბევრი ჩვენი ლიდერის წინააღმდეგ არის აღძრული სისხლის სამართლის საქმე და გვყავს აქტივისტები, რომლებიც ათეულობით შემთხვევაში არიან დაკითხული - ამ ფონზე ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ვართ და ვვითარდებით. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ვრჩებით ქვეყანაში მთავარ ოპოზიციურ ძალად, ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ქვეყანაში არ შეიძლება გყავდეს ხელოვნურად დანიშნული ოპოზიცია, რომელსაც ხელს შეუწყობ და რომელსაც ხალხი აირჩევს, როგორც ოპოზიციას. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ასეთ რთულ პირობებშიც კი ოპოზიციამ შეიძლება ჩაატაროს პასუხისმგებლობის გრძნობით ნაკარნახევი კამპანია - კამპანია, რომელიც თავისუფალი იქნება ყოველგვარი ისტერიკისგან, ძალადობისგან, მთავრობის დამხობის მოწოდებებისგან და რომელიც ამ ყველაფრის ნაცვლად, რას წინა წლების ოპოზიციის კამპანიისგან გვახსოვს, ისაუბრებს მთავრობის კონტროლზე, ხალხის უკეთ ცხოვრებაზე და პრობლემების მოგვარებაზე. ამ ყველაფრით ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ჩვენ ვართ პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკური ძალა", - განაცხადა ბაქრაძემ.
ბაქრაძემ ქართული ოცნების პრეზიდენტობის კანდიდატს გიორგი მარგველაშვილს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა მიუხედავად იმისა, რომ, როგორც თვითონაც თქვა, ეგზიტპოლი მხოლოდ წინასწარ შეფასებას აჩვენებს იმ სურათის, რომელიც დაიდება არჩევნების შემდეგ. "მე მინდა კიდევ ერთხელ ვაჩვენო პასუხისმგებლობის მაგალითი ჩვენს პოლიტიკურ კოლეგებსაც და საქართველოს მოსახლეობასაც. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჯერ არ ვიცით საბოლოო შედეგი და ის დადგინდება მხოლოდ ცესკოს მიერ ხმების დათვლის და გადამოწმების შემდეგ, ვფიქრობ, რომ საბოლოო სურათი, ჯამური სურათი ნათელია და მე არ ვფიქრობ, რომ ხმების დათვლა მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ხმების იმ განაწილებაზე, რაც ვიხილეთ ეგზიტპოლის შედეგად. სწორედ ამიტომ, საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ მზად ვიქნებით ვაღიაროთ არჩევნების ის საბოლოო შედეგი, რომელიც დადასტურდება ცესკოს მიერ. მე ვულოცავ ქვეყანას მშვიდობიანი არჩევნების ჩატარებას. ვულოცავ ბ-ნ გიორგი მარგველაშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას. ვულოცავ იმ ნდობას, რომელიც მიიღო ქართველი ხალხისგან და ვუსურვებ გაემართლებინოს ეს ნდობა გაკეთებული საქმით და ჩვენი ქვეყნის და ხალხის უკეთესი ცხოვრებით", - განაცხადა ბაქრაძემ. მისივე თქმით, ის მზად არის ითანამშრომლოს ახალ პრეზიდენტთან ყველ იმ საკითხზე, რომელიც აუცილებელი იქნება ქვეყნის და ხალხის უკეთესი ცხოვრებისთვის.





