არჩევნები 2013

საია: დარღვევები, ძირითადად, საარჩევნო კანონმდებლობის უცოდინრობამ განაპირობა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, კრწანისის 26-ე უბნის გარეთ ორი ორგანიზაციის - ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიისა და მომავლის არჩევანის დამკვირვებლები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ასევე, საია-ს ინფორმაციით, 15:00 საათისთვის რამდენიმე უბანზე პროცედურული დარღვევები დაფიქსირდა. უკანასკნელი საათების განმავლობაში, საიას დამკვირვებლებმა სხვადასხვა სახის დარღვევებზე 20 საჩივარი დაწერეს. ასევე, 40-ზე მეტი შენიშვნა დააფიქსირეს ჩანაწერთა წიგნში. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, დარღვევები, ძირითადად, საარჩევნო კანონმდებლობის უცოდინრობამ განაპირობა. ორგანიზაციის განცხადებით, კენჭისყრის პროცესი მშვიდ ვითარებაში  მიმდინარეობს. 

საიას ინფორმაციით, ამ დროისათვის გამოვლინდა საკონტროლო ფურცლების შევსებასთან, გადასატანი ყუთის სიასთან და საჩივრის ჩაბარებასთან დაკავშირებული პრობლემები. ასევე, დაფიქსირდა დამკვირვებელთა შორის ფიზიკური დაპირისპირების ფაქტი, არასათანადო დოკუმენტებით ხმის მიცემა და წილისყრის პროცედურების დარღვევები.

"მარტვილის #35 უბანზე და გურჯაანის #28 უბანზე საკონტროლო ფურცელი ჩააგდეს დროის მითითების გარეშე. აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით საიას დამკვირვებლებმა საჩივრები დაწერეს. დიდუბის #26 უბანზე გამოცხადებულმა ამომრჩეველმა ვერ შეძლო კენჭისყრაში მონაწილეობა, ვინაიდან მისი გვარის გასწვრივ უკვე დაფიქსირებული იყო ხელმოწერა. ჩოხატაურის ოლქის #31 უბანზე პრობლემები იყო გადასატანი ყუთის სიასთან დაკავშირებით - გადასატანი ყუთის სიაში შეყვანილი იყო ამომრჩეველი, რომლის იდენტიფიცირებაც არ ხდებოდა ამომრჩევლების მიერ გადასატანი ყუთის სიაში შეყვანის მიზნით დაწერილ განცხადებაში.  ასევე, ხელვაჩაურის ოლქის #4 უბანზე კომისიის მდივანმა უარი განაცხადა საჩივრის დარეგისტრირებაზე. ხოლო ჩუღურეთის ოლქის #24 უბანზე მდივანი არ არეგისტრირებდა ერთ-ერთი საარჩევნო სუბიექტის საჩივარს იმ არგუმენტით, რომ დარღვევა უბნის გარეთ მოხდა და საუბნო კომისიას არ ეხებოდა. ჩუღურეთის #23 უბანზე საჩივრის ჩაბარებისას, კომისიამ საჩივრის ჩაბარების დამადასტურებელი ცნობა შესაბამისის რეკვიზიტების გარეშე გასცა. ცნობას არ ჰქონდა კომისიის მდივნის ხელმოწერა და ბეჭედი" - აცხადებს საია.

ორგანიზაციის ინფორმაციითვე, ნაძალადევის #100 სპეცუბანზე პირადობის მოწმობის ასლებით ხმა მისცა 6-მა ამომრჩეველმა. ასევე, ნაძალადევის #77 უბანზე დაფიქსირდა მართვის მოწმობით ხმის მიცემის მცდელობა, ხოლო ხელვაჩაურის #4 და #13 უბნებზე - წილისყრის პროცედურების დარღვევა. 

"რუსთავის ოლქის #27-ე უბანზე გამოკრული იყო განცხადება, საარჩევნო სუბიექტის - აკაკი ასათიანის მიერ კანდიდატურის მოხსნის თაობაზე. საიას დამკვირვებლის შენიშვნის გათვალისწინებით დარღვევა აღმოიფხვრა. დარღვევას ჰქონდა ადგილი ასევე დიდუბის ოლქის #4 უბანზე, სადაც კენჭისყრის კაბინაში კანდიდატების ჩამონათვალში შემოხაზული იყო ნინო ბურჯანაძე. საიას დამკვირვებლის მოთხოვნით, დარღვევა აღმოიფხვრა. ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები საარჩევნო უბნებზე ერთზე მეტი დამკვირვებლით არიან წარმოდგენილნი, რაც კანონდარღვევაა. მსგავსი ფაქტები ფიქსირდება ჩუღურეთის და დიდუბის ოლქებში. ეს ორგანიზაციებია - ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის, მწვანე დედამიწა, თავისუფალი არჩევანი, ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია" - აღნიშნავს საია. 

საქართველოს მოსახლეობა დღეს რიგით მეოთხე პრეზიდენტს ირჩევს. არჩევნებში 23 კანდიდატი იყრის კენჭს. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის 3 741 საარჩევნო უბანი გაიხსნა. საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის არჩევნებს 65 საერთაშორისო და 60 ადგილობრივი ორგანიზაცია აკვირდება.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობა 15:00 საათისთვის 32 %-ია. ცესკოს სპიკერის ეკა აზარაშვილის განცხადებით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და არსებითი დარღვევები არ დაფიქსირებულა. ხოლო საერთაშორისო-გამჭვირვალობა საქართველოს განცხადებით,საპრეზიდენტო არჩევნები ძირითადად მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, თუმცა, საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, უფრო მეტი პროცედურული დარღვევა ფიქსირდება. ორგანიზაციამ ამ დროისთვის 20-მდე მცირე და 22 შედარებით სერიოზული დარღვევა დააფიქსირა. TI-ს დამკვირვებლებმა 22 საჩივარი დაწერეს.

კომენტარები