არჩევნები 2013

კვიტაშვილი: სხვადასხვა საარჩევნო უბანზე გამოვლენილია "კარუსელი"

www.netgazeti.ge

ნაციონალური მოძრაობის წევრები სხვადასხვა საარჩევნო უბნებში გამოვლენილ "კარუსელთან" დაკავშირებით განცხადებას აკეთებენ. საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით ინფორმაცია ჟურნალისტებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პრეზიდენტობის კანდიდატის დავით ბაქრაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა სანდრო კვიტაშვილმა მიაწოდა.

 

კვიტაშვილის განცხადებით, ყველაზე სერიოზულია დმანისში, #43 საარჩევნო უბანში დაფიქსირებული დარღვევა, სადაც ადგილი ჰქონდა "კარუსელს". მისი ცნობით, ეს ყველაფერი ვიდეოფირზეა გადაღებული, რომელიც მოგვიანებით მედიას გადაეცემა. 

გარდა ამისა, კვიტაშვილის მონაცემებით, სამგორის #82 უბანზე მარკირებაგავლილი ადამიანი კვლავ ცდილობდა უბანში შესვლას და ხმის მიცემას; მარნეულის #40 და #41 უბნებზე ადგილი ჰქონდა შემთხვევას, როცა სარჩევნო ბიულეტენებში წინასწარ იყო შემოხაზული ნომერი 41; ახალციხის #10 საარჩევნო უბნის კედელზე გაკრულ ხმის მიცემის ნიმუშში ასევე შემოხაზული იყო ნომერი 41; ვაკის #80 უბანზე კი, საარჩევნო ყუთი არ იყო დალუქული, რის გამოც, კვიტაშვილის თქმით, შეჩერებულია არჩევნები და ცესკოს წარმომადგენლების მისვლას ელიან. მისივე განცხადებით, ყველა დარღვევასთან დაკავშირებით დაწერილია საჩივარი. 

კომენტარები