არჩევნები 2013

ISFED: აქტივობა საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით 8.7%-ით ნაკლებია

„სამართლიანი არჩევნები საქართველოსთვის” არჩევნებზე მოსახლეობის აქტივობასა და დარღვევებზე ინფორმაციას აქვეყნებს.

„სამართლიანი არჩევნები საქართველოსთვის” (ISFED) მონაცემებით, 12:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 16.8% (+/-0.6% ცდომილების ხარისხით) იყო, რაც ბოლო საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით თითქმის 9%-ით (25.5%) ნაკლებია.

თბილისში 12 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 15.2%-ია, ხოლო 2012 წელს 12 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა თბილისის მასშტაბით 24% იყო.

რეგიონებში (თბილისის გარდა) 12 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 17.5%-ს შეადგენს, მაშინ როდესაც 2012 წელს ამომრჩეველთა აქტივობის მაჩვენებელი 12 საათისთვის რეგიონებში 26% გახლდათ.

ISFED-ის ინფორმაციით ამ დროისთვის, კენჭისყრის მიმდინარეობის პროცესში ყველაზე პრობლემატურ საკითხად არასათანადო დოკუმენტაციით ხმის მიცემის ფაქტები და  ბათუმში ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებული პრობლემები გამოიკვეთა.

ამ დროისათვის ორგანიზაციის დამკვირვებლებმა დააფიქსირეს:

• არასათანადო დოკუმენტაციით ხმის მიცემის 9 შემთხვევა - #21 (ბათუმი), #11(მესტია), #5(ბათუმი), #2(თიანეთი), #22 (დუშეთი), #28 (სიღნაღი), #120 (ქუთაისი), #10 (მარტვილი) და #4(მარნეული) საარჩევნო უბნებზე;

• ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებული ხარვეზები #7, #8, #52 და #72 (ბათუმი) საარჩევნო უბნებზე;

• სამართლიანი არჩევნების დამკვირვებლის უფლებების (ჩანაწერთა წიგნში შენიშვნის შეტანის უფლება) შეზღუდვის 2 ფაქტი - #2 (ბათუმი) #42 (მარნეული) საარჩევნო უბნებზე;

• ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის 1 შემთხვევა - #42 (მარნეული) საარჩევნო უბანზე;

• მარკირება არ გაკეთდა ერთ საარჩევნო უბანზე - #64 (ვაკე);

• მარკირება არ შეუმოწმეს ოთხ ამომრჩეველს #50 (მარნეული) საარჩევნო უბანზე;

• არაუფლებამოსილი პირების საარჩევნო უბანზე ყოფნის 2 შემთხვევა - #21(ახალციხე) და #10 (გურჯაანი) საარჩევნო უბანზე;

• საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოება/შევსების 4 ფაქტი - #11 (კასპი), #25 (წყალტუბო), #76 (საბურთალო) და #6 (ბათუმი) საარჩევნო უბნებზე;

• საგარეჯოს #11 უბანზე 3 საკონტროლო ფურცელი მოთავსებულ იქნა ძირითად საარჩევნო ყუთში.

 „სამართლიანი არჩევნები“ განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებით გამოვლენილ პრობლემებზე, რასაც ბათუმში ჰქონდა ადგილი. ამ დროისთვის დაახლოებით 250 ადამიანს შეეზღუდა ხმის მიცემის უფლება. ესენი ძირითადად რეგისტრაციიდან მოხსნილი ამომრჩევლები არიან, რომლებიც, მათივე ინფორმაციით, იმყოფებოდნენ უბნებზე თავდაპირველად გამოკრულ სიებში, მაგრამ არჩევნების დღეს სამაგიდო სიებში არ აღმოჩნდნენ. სამართლიანი არჩევნები განაგრძობს ამ საკითხის შესწავლას.

კომენტარები