გამყოფი ხაზი კონფლიქტის კონტექსტიდან გამომდინარე ყოველწლიურად იკეტება და ეს არის ჩვენი სამწუხარო რეალობა. ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა თემის კომენტირებისას განაცხადა.
მინისტრის ინფორმაციით, აფხაზეთის მიმართულებით მსგავსი არაფერი ხდება, თუმცა ცხინვალის მიმართულებით გამყოფი ხაზი ჩაკეტილია. "რადგან არსებობს კონფლიქტი, კონფლიქტს თავისი სამწუხარო რეციდივები გააჩნია და ეს ერთ-ერთია. მადლობა ღმერთს, ყველაფერი მიმდინარეობს მშვიდობით, თუმცა მომავალში კონფლიქტის მოგვარების კონტექსტში მსგავსი დაძაბულობები უნდა გამოირიცხოს", - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.
შეგახსენებთ, არასამთავრობო ორგანიზაციამ - საზოგადოებრივი დამცველი - საარჩევნო მედიაცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საოკუპაციო ზოლს მიღმა მყოფ ქართველებს სოფელ გუგუტიანთკარიდან, დიციდან და თამარაშენიდან, რუსეთის საოკუპაციო ჯარი არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას არ აძლევს. მისივე ინფორმაციით, გუშინ ახალგორში რუსეთის საოკუპაციო ჯარმა ტერიტორია გადაკეტა და მოსახლეობას გადმოსვლა შეუზღუდა.





