დღის განმავლობაში სხვადასხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციები, პოლიტიკური სუბიექტები აკეთებენ განცხადებას სხვადასხვა ტიპის ხარვეზებზე. ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატის, გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ განაცხადა.
"ის, რომ დაახლოებით 4 საათის განმავლობაში დაფიქსირდა ისეთი დარღვევები, როგორიცაა მარკირებასთან დაკავშირებული და სხვა ტექნიკური ხარვეზები, მიუთითებს იმაზე, რომ პროცესები მიდის აბსოლუტურად დემოკრატიულად. ყველა პატარა ხარვეზი გამადიდებელი შუშის ქვეშააა. დამკვირვებლები საკმაოდ აქტიურები არიან", - აღნიშნა საგანელიძემ ქართული ოცნების ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
ბრიფინგზე დავით საგანელიძემ ისიც აღნიშნა, რომ ქართული ოცნების ერთ-ერთი კოორდინატორის ორი მანქანაა დაზიანებული. მისი თქმით, თუ ვინ დააზიანა მანქანები და რა მიზეზით, ამას შესაბამისი სტრუქტურები დაადგენენ.





