არჩევნები 2013

საქართველოს მოსახლეობა დღეს რიგით მეოთხე პრეზიდენტს ირჩევს

საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის არჩევნები მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყო. საარჩევნო უბნები 08:00-ზე გაიხსნა. საქართველოს მოსახლეობა რიგით მეოთხე პრეზიდენტს აირჩევს. არჩევნებში 23 კანდიდატი იყრის კენჭს.

საპრეზიდენტო არჩევნებისთვის 3 741 საარჩევნო უბანი გაიხსნა, მათ შორის საქართველოში 3 655, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი 34-ია, ხოლო საზღვარგარეთ - 52. საზღვარგარეთ ორ უბანზე არჩევნები უკვე გაიმართა. ავღანეთში მყოფმა 1500-ზე მეტმა სამხედრო მოსამსახურემ საკუთარი არჩევანი 20 ოქტომბერს გააკეთა. ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა ორ საარჩევნო უბანზე - "ლეზერნიკსა" და "ერედვზე" მისცეს ხმა.

საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის არჩევნებს 65 საერთაშორისო ორგანიზაცია დააკვირდება, მათ შორის რეგისტრაცია 12-მა საელჩომ გაიარა. ყველაზე მეტი, 70 დამკვირვებელი, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარდგენით დარეგისტრირდა. საკუთარი დამკვირვებლები არჩევნებზე ასევე წარადგინეს ნიდერლანდების სამეფოს, ბრიტანეთის, შვეიცარიის, საფრანგეთის რესპუბლიკის, შვედეთის, ლატვიის რესპუბლიკის, პოლონეთის რესპუბლიკის, იტალიის, უნგრეთის, ესტონეთის და თურქეთის საელჩოებმა.

საპრეზიდენტო არჩევნებს ასევე დააკვირდება ნატოს საპარლამენტო ასამბლეა, საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი NDI, აშშ-ს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი IRI, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (დამკვირვებლების რაოდენობა – 82), ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, ევროპის პარლამენტი და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები. გარდა ამისა, საპრეზიდენტო არჩევნებს 60 ადგილობრივი ორგანიზაცია დააკვირდება.

საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემის უფლებით 200 პატიმარი ისარგებლებს. სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, არჩევნებში მონაწილეობის მსურველ პატიმართა სიაში ბაჩო ახალაია და ვანო მერაბიშვილიც არიან.

"ყველა პატიმარი, რომელსაც აქვს არჩევნებში მონაწილეობის უფლება, გამოიკითხა. დაახლოებით 1700 კაციდან 200-მა გამოთქვა არჩევნებში მონაწილეობის სურვილი. ასევე, ყველა იმ პატიმარს, რომელსაც არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს და არ ჰქონდა პირადობის მოწმობები ვადის გასვლის გამო, სახელმწიფომ უფასოდ დაუმზადა ახალი პირადობის მოწმობები", - აცხადებს სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი.

საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ამომრჩეველთა რაოდენობა 73 საარჩევნო ოლქში 3 537 719 –ს შეადგენს. ყველაზე მეტი - 158 967 ამომრჩეველი ქუთაისის საარჩევნო ოლქშია, ხოლო ყველაზე ცოტა - 5 714, ყაზბეგის საარჩევნო ოლქში. რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში 10 საარჩევნო ოლქია და ყველაზე მეტი ამომრჩეველი 141 263 გლდანის, ყველაზე ცოტა კი 44 347 კრწანისის საარჩევნო ოლქშია.

კომენტარები