თბილისის მერი გიგი უგულავა თბილისის საკრებულოს 2013 წლის ბიუჯეტში საბინაო ამხანაგობების დაფინანსების მუხლში 3 მილიონი ლარის დამატებას სთხოვს. ახალი ინიციატივები საზოგადოებას დღეს, თბილისის მერმა გააცნო და იმედი გამოთქვა, რომ დედაქალაქის საკრებულო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, სხდომას უახლოეს პერიოდში გამართავს და მერიის წინადადებებს მხარს დაუჭერს. თბილისის მერიის ინფორმაციით, თანხის დამატება რაიონულ გამგეობებს საშუალებას მისცემს წლის ბოლომდე მოსახლეობის განცხადებების მიღება განაახლონ და ამხანაგობების პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოები შეასრულონ. მათ შორის, განახლდეს შიდა კომუნიკაციების, ლიფტებისა და სახურავების შეკეთება, ასევე აღდგეს მრავალი სხვა სახის მომსახურება, რომელთა დაფინანსებაც აგვისტოში, თბილისის საკრებულოს მიერ, ბიუჯეტში შესაბამისი თანხის შემცირების გამო მიღებული გადაწყვეტილებით შეწყდა.
ბიუჯეტის ცვლილება ითვალისწინებს ასევე მერიის ახალ ინიციატივას, რომლის თანახმად, ქალაქში მოძრავ სამარშრუტო ტაქსებში სოციალურად დაუცველი მოსახლეობა შეღავათებით ისარგებლებს. ნოემბრის შუა რიცხვებიდან სოციალურად დაუცველი მოქალაქეები, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-ზე დაბალია, სამარშრუტო ტაქსით გადაადგილებისას, მგზავრობის ღირებულების ნახევარს გადაიხდიან, მეორე ნახევარს კი თბილისის მერია დაფარავს. ამისთვის ბიუჯეტში 300 000 ლარი უნდა იქნეს გათვალისწინებული.
აღნიშნული ინიციატივები თბილისის მერიამ სექტემბერში მოამზადა, მაგრამ ცვლილებების განხორციელება წინასაარჩევნო პერიოდის გამო ვერ მოხერხდა, რადგან ამ პერიოდში ბიუჯეტის კორექტირება კანონით აკრძალულია.





