სადამკვირვებლო მისია

IRI-ის სადამკვირვებლო მისია: საქართველო რეგიონში თავისუფლების მაგალითი გახდა

საქართველოში ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)-ის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ. სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის რიჩარდ ვილიამსონის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგის მიზნით, IRI საკუთარ დამკვირვებლებს საქართველოს სხვადასხვა რაიონში გადაანაწილებს.

"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი აქტიურად მუშაობს საქართველოში ვარდების რევოლუციის შემდეგ. მოხარულები ვართ, რომ იმ არჩევნებზე ჩამოვედით, რომელიც უნდა იყოს თავისუფალი და სამართლიანი. ჩვენ გვსურს, დავადასტუროთ, რომ ის მართლაც საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩატარდება. შევხვდებით სხვადასხვა პარტიის წევრებს, რომლებიც საარჩევნო კომისიებში არიან. დელეგაცია განაწილდება სხვადასხვა რეგიონში და ორშაბათს უკვე გავაკეთებთ განცხადებას. საქართველო რეგიონში თავისუფლების მაგალითი გახდა და ის მაგალითს აძლევს დსთ-ის სხვა ქვეყნებსაც. საქართველო შეერთებული შტატების კარგი მეგობარია და ჩვენ განვაგრძობთ თქვენთან, როგორც ახლო მოკავშირესთან თანამშრომლობას", - განაცხადა სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა.

გარდა ამისა, თბილისში უკვე იმყოფებიან ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის წარმომადგენლები. საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით საკუთარ შეფასებას, NDI-ც სავარაუდოდ, 28 ოქტომბერს გამოაქვეყნებს.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, დღეს ღამით საქართველოში ევროსაბჭოს სადამკვირვებლო დელეგაციის ნაწილიც ეწვევა.

კომენტარები