ვანო მერაბიშვილის საქმე

ჭიაბერაშვილი: ყველა მოწმე თუ შპარგალკით უნდა დაკითხონ, პირდაპირ ჩამსვით ციხეში

ვანო მერაბიშვილის და ზურაბ ჭიაბერაშვილის პროცესზე ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი ბორის ჩოფიანი დასაქმების პროგრამასთან დაკავშირებით დაკითხეს. მოწმე დაკითხვის დროს, ჩანაწერით სარგებლობდა. აღნიშნული დაცვის მხარემ გააპროტესტა. ჭიაბერაშვილისა და მერაბიშვილის ადვოკატების განცხადებით, ბრალდების მხარის მოწმემ ე.წ. შპარგალკა მიიტანა და წინასწარ დაწერილი ტექსტი წაიკითხა. ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით კი, საქმის 100-ტომიან მასალებს, რომელიც პროკურატურამ მიაწოდა, ერთ დღეში გაეცნო. მოწმის განმარტებით, მას პროკურატურაში აუხსნეს, რომ სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამის განხორციელების შედეგად, ფინანსთა სამინიტრო დაზარალდა.

ბრალდებულ ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, "თუ ასე გაგრძელდა ყველა მოწმის დაკითხვა, მაშინ პირდაპირ ჩამსვით ციხეში". ჭიაბერაშვილის განცხადებით, თუ პროკურატურის 4000-მდე მოწმემ წინასწარ დაწერილი ტექსტი უნდა წაიკითხოს, მაშინ უნდა ჩატარდეს ექსპერტიზა - რამდენად ეკუთვნის ჩანაწერი მოწმეებს.

"თუ 4000-მდე მოწმე სასამართლო პროცესზე შპარგალკით უნდა მოვიდეს, მაშინ რა აზრი აქვს პროცესის ჩატარებას, პირდაპირ მოვითხოვ ჩამსვათ ციხეში. მოვითხოვ ექსპერტიზის ჩატარებას - არის თუ არა ეს ჩანაწერი მოწმის დაწერილი, რადგან არის ბევრი საეჭვო გარემოება", - აღნიშნავს ჭიაბერაშვილი.

ვანო მერაბიშვილის ადვოკატებმა სასამართლოს ფურცლის ასლის გადაცემის შუამდგომლობით მიმართეს, რომელიც ნათია ბარბაქაძემ არ დააკმაყოფილა. თუმცა, მოწმის დაკითხვის შემდეგ, მოსამართლის აკრძალვის მიუხედავად, ზურაბ ჭიაბერაშვილმა ჩანაწერს ფოტო გადაუღო.

ქუთაისის სასამართლოში ჯანმრთელობის გაუარესების გამო განხილვას არ ესწრება ვანო მერაბიშვილი. ეს უკვე მეორე პროცესია, რომელიც ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის გარეშე იმართება. დღეს სასამართლო ბრალდების კიდევ ხუთ მოწმეს დაკითხავს. ვანო მერაბიშვილს ბრალი ორ ეპიზოდთან დაკავშირებით აქვს წარდგენილი. გამოძიება დასაქმების პროგრამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს. ყოფილ პრემიერს ასევე ბრალად ედება კვარიათში აგარაკის მითვისება.

კომენტარები