შტორმი

ბათუმის მერი შტორმის შედეგებზე: ზარალი მილიონ ლარზე მეტი იქნება

netgazeti.ge

ბათუმის მერის ჯემალ ანანიძის თქმით, შტორმის შედეგად მიყენებული ზარალი, სავარაუდოდ, მილიონ ლარზე მეტი იქნება. ანანიძე აღნიშნავს, რომ დაზიანებულია ბულვარის ინფრასტრუქტურა და საფეხმავლო ბილიკები.

"ზარალი ალბათ, მილიონ ლარზე მეტი იქნება, მაგრამ მთლიანად გამაგრებითი სამუშაოების და აუცილებელი ღონისძიებების ჩათვლით, არ არის გამორიცხული, რამდენიმე მილიონზე ავიდეს. ამას დაპროექტების შემდგომ დავადგენთ", - აღნიშნა ჯემალ ანანიძემ, რომელმაც შტორმის შედეგად დაზიანებული ბათუმის ახალი ბულვარის ტერიტორია დაათვალიერა. მისი თქმით, მიმდინარეობს სანიაღვრე არხების გაწმენდა და ზღვაზე გასასვლელი არხების გახსნა. 

"შტორმული შემოტევა კვლავ გრძელდება. ძირითადი ზიანი მიადგა ბათუმის ზღვისპირა ზოლს. მოსახლეობა არ დაზარალებულა, თუმცა, ზღვასთან ახლოს მდებარე კაფეებსა და რესტორნებს სერიოზული ზიანი მიადგა. რაც შეეხება ბულვარის ინფრასტრუქტურას, მწყობრიდან გამოვიდა განათების სისტემა, დაზიანდა სკამები და ბილიკები. გარკვეულ ნაწილში ზღვამ საფეხმავლო ბილიკებს ძირი გამოურეცხა და სერიოზულად დააზიანა", - განაცხადა ჯემალ ანანიძემ.

ცნობისთვის, გუშინ, ხუთბალიანმა შტორმმა ბათუმისა და ქობულეთის სანაპირო ზოლზე ინფრასტრუქტურა დააზიანა. აჭარაში ამ დრომდე გადაუღებლად წვიმს.

კომენტარები