პრემიერის შეხვედრა ჟურნალისტებთან

ივანიშვილი: კახა კუკავა არასერიოზული კაცია

პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, პარტია თავისუფალი საქართველოს ლიდერი კახა კუკავა არასერიოზული კაცია. როგორც მან ბეჭდური მედიისა და რადიოების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას აღნიშნა, კუკავასგან მისი მისამართით არასერიოზული განცხადებები ისმის.

"კუკავა მაკრიტიკებს საკუთარი გადმოსახედიდან და მაბრალებს იმის გაკეთებას, რის გაკეთებასაც, ალბათ, თავად იკადრებდა. ხუდონჰესთან მიმართებაში მე ის პოზიციაც მსმენია - აბა, ჭორვილა ყოფილიყო და ვნახოთ, რას იზამდა ივანიშვილიო. აი, კუკავაც ამას ამბობს, თუმცა, მისი ხსენება არ მინდოდა ახლა. კუკავა არასერიოზული კაცია, სადაც ფულს უხდიან, იქ მიდის და ამბობს, რომ რაღა უნდა ივანიშვილს, წავა ახლა პოლიტიკიდანო. მოვიდა, ის ფული ამოიღო, რაც წაართვესო, და, უკაცრავად უხეში სიტყვებისთვის, ახლა "დაიკიდა" და მიდისო. რაღაც 400 მლნ-ზე საუბრობს. თუ დავკარგე ეს ფული, რისთვის დავკარგე? რომ მოვედი პოლიტიკაში, იმისთვის დავკარგე. თუ არ მოვიდოდი, არც დავკარგავდი. მსგავსი გამონათქვამები, რა თქმა უნდა, გულს მტკენს. ამას აკეთებენ შეგნებულად. კუკავასგან არაფერი არ უნდა გეწყინოს პრინციპში, მაგრამ ამას აკეთებენ შეგნებულად. ჭორვილასაც მოიხსენიებენ შეგნებულად. მე ჭორვილასაც გავწირავდი იმისთვის, რომ ჩემს ქვეყანას კარგად ეცხოვრა. არჩევნების პროცესში მე კუკავასთან ვმუშაობდი ბევრს, მაჟორიტარობას ვაძლევდი, მაგრამ ბოლოში სხვა მხარეს გადაიხარა რაღაცის გამო. რამ გადაწონა, თავად დაასკვენით. ახლა კი, ყველაფერს საკუთარი გადმოსახედიდან აფასებს. ყველა საკუთარი სამრეკლოდან იყურება, როდესაც ასეთ გამონათქვამებს იყენებენ, საკუთარ იმიჯს აზარალებენ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები