საპრეზიდენტო არჩევნები 2013

გიგაური: იმედია, მეორე ტურში მონაწილეობას კანდიდატი თავად გადაწყვეტს

transparency.ge

არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ხელმძღვანელი ეკა გიგაური საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით მარგველაშვილის მიმართ პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის რჩევას მიზანშეუწონლად აფასებს. ბიძინა ივანიშვილმა დღეს ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატს ურჩია, რომ თუ მეორე ტური შედგება, მარგველაშვილმა არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოს. გიგაური იმედოვნებს, რომ ყველა საპრეზიდენტო კანდიდატი გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად მიიღებს.

“რჩევის მიცემის უფლება აბსოლუტურად ყველას გააჩნია, მაგრამ იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ქართული ოცნების ლიდერი, რომელსაც კოალიციაზე დიდი გავლენა აქვს, კარგი არ იქნება, თუკი პრეზიდენტობის კანდიდატს ასეთ რჩევას მისცემს. ზოგადად, ჩვენ მოველით, რომ ყველა კანდიდატი არის დამოუკიდებელი ფიგურა, რომელიც გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად მიიღებს”, - თქვა გიგაურმა.

გიგაური აღნიშნავს, რომ ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში გაწერილი არ არის თუ რა ხდება იმ შემთხვევაში, თუკი არჩევნების მეორე ტურში გადასული კანდიდატი არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ამბობს. მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში ორი არჩევანი იკვეთება. კერძოდ, ერთ-ერთი ვარიანტია ის, რომ მეორე ტურში დარჩება მხოლოდ ერთი კანდიდატი და ის, ერთი ხმის მიღების შემთხვევაშიც, გამარჯვებული გახდება. შესაძლებელია მეორე ვარიანტიც, როცა მეორე ტურში შემდგომი ორი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას. “მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონში გაწერილი არ არის, ყველაზე ლოგიკური გადაწყვეტილება მეორე ვარიანტი იქნება”, - თქვა გიგაურმა.

 

კომენტარები