პრემიერ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ბოლო ერთი წლის მანძილზე, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების კუთხით მაქსიმუმი გაკეთდა. როგორც ივანიშვილმა რადიოს და ბეჭდური მედიის ხელმძღვანელებთან შეხვედრისას აღნიშნა, ახალი მთავრობის ძირითადი მიღწევა ის არის, რომ "ასეთი არჩევნები ჩატარდება". მისივე შეფასებით, უახლეს ისტორიაში მსგავსი არჩევნები არ ჩატარებულა.
"წინა არჩევნები ომს უფრო ჰგავდა. გავიხსენოთ ზონდერ ბრიგადები, პოლიცია ხალხის წინააღმდეგ. ახლა, ნამდვილ ევროპულ არჩევნებს მივიღებთ. ადამიანებს დაუბრუნდათ უფლებები და საზოგადოებას მიეცა უფლება, ლეგიტიმურად აირჩიოს პრეზიდენტი დაბალანსებულ პირობებში. ყველა კანდიდატს ეძლევა თანაბარი უფლებები. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობს მოძალადე წინა ხელისუფლება. არჩევნებში დამარცხებიდან ერთი წლის შემდეგ, მათ მივეცით საშუალება, რომ მიეღოთ მონაწილეობა აბსოლუტურად დაბალანსებულ არჩევნებში. ესეც მოწმობს, რომ ჩვენ ვატარებთ ევროპულ არჩევნებს, ევროპისთვის გასაგებს და მისაღებს. ეს თითქმის შეუძლებლად გვეჩვენებოდა", - ამბობს პრემიერი და პოლიტიკიდან თავისი წასვლის შესახებ საუბრობს. ივანიშვილის თქმით, ტოვებს ძალიან ეფექტიან ხელისუფლებას, "პოლიტიკიდან კი, საზოგადოების დასახმარებლად გადადის".
"საზოგადოება უნდა გახდეს ევროპული ტიპის. ეს არის გასაკეთებელი. მე რასაც დავპირდი საზოგადოებას, რომ ორი-სამი წლით ვიყავი პოლიტიკაში, ეს მაქსიმალურად ეფექტურად გამომივიდა. ახლა ვტოვებ საუკეთესო გუნდს პრეზიდენტთან ერთად. მე კი, გადავდივარ საზოგადოებაში და ოცი წლის მანძილზე, სწორედ საზოგადოებას ვემსახურები და ჩემს შესაძლებლობებს მათ მოვახმარ", - განაცხადა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ თავის დატოვებულ გუნდსაც საზოგადოებასთან ერთად გააკონტროლებს და დაეხმარება.
"კონტროლი არ ნიშნავს ლანძღვას და გინებას. სწორ გზას ვაჩვენებ, კარგზე კარგს ვიტყვი და ცუდს გავაკრიტიკებ. ამ მთავრობაზე ვიტოვებ აბსოლუტურ გარანტიას, რომ იქნება ევროპული ხელისუფლება, არ იქნება კორუფცია და ისევე ერთგულად ემსახურებიან სამშობლოს, როგორც ბოლო ერთ წელიწადში. მე დავეხმარები საზოგადოების სხვა ნაწილს. შეძლებისდაგვარად, ყველაფერს გავაკეთებ მისთვის, რომ საზოგადოება განვითარდეს ევროპის მიმართულებით. ოცი წელი არც ისე დიდი დროა და იმისკენ სწრაფვა, რომ გვქონდეს ევროპის მსგავსი ეკონიმიკა, არის ძალიან ოპტიმისტური, მაგრამ მე მაქვს რწმენა ჩვენი ხალხის და ჩვენ აუცილებლად გავხდებით ევროპის წევრი ქვეყანა", - თქვა პრემიერმა და დასძინა, რომ "განათლების, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სფეროებში ძალიან ბევრი გაკეთდა იმის ფონზე, რომ ახალ მინისტრებს ძალიან ცუდი მემკვიდრეობა დახვდათ".





