ISAF-ის მისია

42-ე ბატალიონი ავღანეთში ბათუმის მსუბუქმა ქვეითმა ბატალიონმა ჩაანაცვლა

facebook.com/mod.gov.ge

ავღანეთში 42-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის როტაცია დასრულდა. ისინი დღეს საქართველოში სრული შემადგენლობით დაბრუნდნენ. ქართველი ჯარისკაცები ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ISAF-ის მისიას 6 თვის განმავლობაში ასრულებდნენ. ქართველი სამხედრო მოსამსახურეები აშშ-ის საზღვაო ქვეითების მხარდაჭერით სრული სპექტრის ოპერაციებს ახორციელებდნენ. 

ქართველ სამხედროებს აეროპორტში გაერთიანებული შტაბის უფროსი პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე, მეოთხე ქვეითი ბრიგადის მეთაური პოლკოვნიკი ზაზა ლელაძე და გაერთიანებული შტაბის სხვა ოფიცრები დახვდნენ.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 42-ე ბატალიონი ავღანეთში ბათუმის ცალკეულმა მსუბუქმა ქვეითმა ბატალიონმა ჩაანაცვლა. მათ ავღანეთში სამოქმედო არეალი უკვე სრულად გადაიბარეს. 

სამინისტროს ცნობით, ”ოფიციალური გადაბარების ცერემონიალი ბაზა ერედვზე გაიმართა. სამშვიდობო მისიის ხელმძღვანელობამ IV-ე ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონის მიერ გაწეული სამსახური წარმატებულად შეაფასა. ოფიციალური მონაცემებით, 42-ე ბატალიონმა სამოქმედო არეალში ჩატარებული სხვადასხვა სამხედრო და ჰუმანიტარული ღონისძიებების შედეგად საგრძნობლად შეზღუდა მოწინააღმდეგის მოქმედებები, გააუმჯობესა ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოება, გაზარდა მათი ნდობის ხარისხი, როგორც კოალიციური ძალების, ასევე ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალებისა და ადგილობრივი მთავრობისადმი.

ბათუმის ბატალიონის მთავარი ამოცანა ოპერაციის რაიონში ამბოხებულთა ძალების გაუვნებელყოფა, ადგილობრივი მთავრობისა და ეროვნული უსაფრთხოების ძალების განვითარების მხარდაჭერა, უსაფრთხოების ზონების კონტროლი და აშშ-ს საზღვაო ქვეითებთან თანამშრომლობა იქნება.” - წერია სამინისტროს ვებგვერდზე.

კომენტარები