27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები

დავით ბაქრაძე: მთავრობა კი არ უნდა ჩამოვაგდოთ, დაპირება უნდა შევასრულებინოთ

დავით ბაქრაძის Facebook-ის გვერდი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პრეზიდენტობის კანდიდატის დავით ბაქრაძის შეფასებით, კარგი პოლიტიკოსი არის ის, რომელსაც შეუძლია ოპონენტთან საერთო ენის გამონახვა და მასთან მოლაპარაკება. როგორც ბაქრაძემ რუსთავი 2-ის გადაცემა არჩევანში თქვა, მას არ უნახავს ლანძღვით აშენებული არც ერთი ქვეყანა, თუმცა, ჩხუბით დანგრეული - ბევრი.

"კარგი პოლიტიკოსი ჰქვია არა იმას, ვინც ოპონენტს უფრო კარგად გალანძღავს, არამედ კარგი პოლიტიკოსი არის ის, ვინც შეძლებს ოპონენტთან ერთად მუშაობას და მასთან მოლაპარაკებას ქვეყნის აღმშენებლობისთვის. ყველა ნაბიჯი, რომელსაც გადავდგამთ საზოგადოების გაერთიანებისკენ, არის კარგი ნაბიჯი და ყველა ნაბიჯი, რომელსაც გადავდგამთ მისი გახლეჩისთვის, არის ცუდი. მთავარია, რომ ოპონენტთან შეგეძლოს საერთო ენის გამონახვა, საუბარი და ქვეყნისთვის შედეგის მოტანა. ძირითადი თვისება, რომელიც მომავალ პრეზიდენტს ნამდვილად დასჭირდება, არის ის, რომ რომ საზოგადოება გააერთიანოს და არ გახლიჩოს. ამ ქვეყანას აქციებით მთავრობების ჩამოგდება კი არა, საქმის გაკეთება სჭირდება. მთავრობა კი არ უნდა ჩამოვაგდოთ, უნდა გავაკონტროლოთ, საქმე გავაკეთებინოთ და დაპირება შევსრულებინოთ" - აღნიშნა ბაქრაძემ.

ის გამოეხმაურა კოალიცია ქართული ოცნების პრეზიდენტობის კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის დაპირებას არჩევნების შემდეგ კოაბიტაციის დასრულების შესახებ და იკითხა - მმართველ ძალას როგორ წარმოუდგენია 28 ოქტომბრის დილა.

"კოაბიტაციის დასრულება რას ნიშნავს? რომ ოპოზიციამ აღარ უნდა იარსებოს? მაგალითად, გაიმარჯვეს არჩევნებში, მე - ოპოზიციის ლიდერი პარლამენტში აღარ ვიქნები? ამ ქვეყანაში აღარ ვიქნები? ცოცხალი აღარ ვიქნები? ეს როგორ უნდა დასრულდეს. 53 ოპოზიციონერი დეპუტატი სად იქნება 28 ოქტომბრის დილას, აორთქლდება? ვინც ამბობს, რომ კოაბიტაცია დასრულდება, მან უნდა გაიაზროს პასუხისმგებლობა. ამ ქვეყანას სჭირდება ადამიანები, რომლებიც მოვლენ არა ნგრევის, არამედ, საქმის კეთების ლოზუნგით" - თქვა ბაქრაძემ. მისი შეფასებით, საუბარი იმაზე, რომ კოაბიტაციის პროცესი უშლის ხელს ქვეყნის მშენებლობას, გადაბრალების მცდელობაა.

კომენტარები