27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები

დავით ბაქრაძე: არჩევნებში დამარცხებით კარგი გაკვეთილი მივიღეთ

ხათუნა ხუციშვილი

ნაციონალური მოძრაობის პრეზიდენტობის კანდიდატის დავით ბაქრაძის განცხადებით, არჩევნებში მისი პოლიტიკური ძალის დამარცხების შემდეგ, ბევრ რამეზე დაფიქრდა და კარგი გაკვეთილი მიიიღო. როგორც ბაქრაძემ რუსთავი 2-ის გადაცემა არჩევანში თქვა, "არ შეიძლება დასკვნა ვერ გამოიტანო მაშინ, როცა აგებ არჩევნებს და მოსახლეობა ამ გზით გეუბნება, რომ არ მოსწონდა ის, რასაც აკეთებდი". მისი თქმით, ბევრი იფიქრა იმაზე, მისი პარტიის ხელისუფლებაში ყოფნის დროს რა გაკეთდა მიუღებელი და ყოფილმა მმართველმა ძალამ სად დაუშვა შეცდომა. ბაქრაძის განცხადებით, არჩევნების შემდეგ, ყველაფერი სხვანაირად გამოჩნდა და ოპოზიციაში ყოფნა ამაში დაეხმარა. 

"ბევრ რამეს შევცვლი. ნებისმიერი ადამიანი უშვებს შეცდომას და პრეტენზია იმაზე, რომ შეცდომას არ უშვებ, დასაწყისშივე მცდარია" - აღნიშნა ბაქრაძემ.

მისი შეფასებით, ერთერთი პრობლემა, რამაც მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია, იყო ის, რომ ხელისუფლებამ ვერ მიიტანა სწრაფი ეკონომიკური ზრდა ყველა მოსახლემდე.

"მაშინ, როცა ქვეყანაში ახალი ქალაქები და უბნები შენდებოდა და თითოეული მოსახლის ოჯახში არაფერი იცვლებოდა, მოსახლეობას გაუჩნდა განცდა, რომ ქვეყნის მშენებლობა და განვითარება მათგან იზოლირებული იყო. ამიტომ, ნებისმიერი ეკონომიკური ზრდა უნდა მივიტანოთ თითოეულ ოჯახამდე" - თქვა ბაქრაძემ.  მან ხელისუფლებას ეკონომიკური აქტივობის დეკირიმინალიზაცია შესთავაზა.

"ბევრი კარგი რამ გავაკეთეთ, მაგრამ პრობლემა იყო ის, რომ ბიზინესი არ იყო ბოლომდე დაცული ძალოვნების ჩარევისგან და წარმოიშვა საკუთრებასთან არსებული პრობლემები. მე სიამოვნებით ვიქნები ბიზნესომბუდსმენი, რადგან სწორედ ბიზნესის განვითარება გაზრდის ეკონომიკას და შექმნის სამუშაო ადგილებს. ჩემი მიზანია, ეკონომიკა დავიცვათ, ბიზნესს შევუწყოთ ხელი და ბიზნესი დაეხმაროს ჩვენს ხალხს უკეთესად ცხოვრებაში" - ამბობს დავით ბაქრაძე. 

კიდევ ერთი პრობლემა, რაც პრეზიდენტობის კანდიდატის შეფასებით, წინა ხელისუფლების დამარცხების მიზეზი გახდა, არის ის, რომ ძალოვანი სისტემა ჩაიკეტა.

"ჩვენ ვერ ვაკონტროლებდით ძალოვან სისტემას და ვერ დავიცავით შიგნით მყოფი ადამიანები იმისგან, რაც ვიხილეთ" - აღნიშნა ბაქრაძემ და დასძინა, რომ გასული წლის სექტემბერში გავრცელებული ე.წ ციხის კადრები მისთვის ყველაზე ემოციური და მწარე გაკვეთილი იყო. პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, კადრების გავრცელების შემდეგ, რამდენიმე დღე ადამიანებს ვერ ხვდებოდა.

"ვერ ვაიძულე თავი, გავსულიყავი ადამიანებთან და მათთვის თვალებში შემეხედა. ეს დარტყმა გამყვება მთელი ცხოვრება. ეს იყო ყველაზე მტკივნეული და ემოციური გაკვეთილი, რაც ვიხილეთ გასული წლის 18 სექტემბერს" - დასძინა დავით ბაქრაძემ. 

კომენტარები