27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები

ეუთო: წინასაარჩევნო კამპანია დაძაბული კოაბიტაციის ფონზე მიმდინარეობს

ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ საქართველოში საარჩევნო გარემო შეაფასა და შესაბამისი ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც მოიცავს 19 სექტემბრიდან 11 ოქტომბრამდე პერიოდის ანალიზს.

ეუთოს შეფასებით, საარჩევნო სამართლებრივი ჩარჩო ყოვლისმომცველია და დემოკრატიული არჩევნების ჩატარების მყარ იურიდიულ საფუძველს წარმოადგენს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ეუთოს რეკომენდაციების საფუძველზე ხელისუფლებამ 2013 წლის ივლისში საკანონმდებლო ცვლილებები განახორციელა, რასაც წინ საჯარო განხილვები უძღოდა. გარდა ამისა, გამჭვირვალე და ყოვლისმომცველი იყო საპრეზიდენტო კანდიდატთა რეგისტრაციის პროცესი. დოკუმენტის მიხედვით, ცენტრალური საარჩევნო კომისია გამჭვირვალედ და ეფექტურად მუშაობს.

"ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის საარჩევნო სადამკირვებლო მისიის ყველა ადამიანი და ორგანიზაცია, რომელთანაც საარჩევნო სადამკირვებლო მისიამ შეხვედრები გამართა, მიიჩნევს, რომ საარჩევნო კამპანიის გარემო განიხილება 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების ჭრილში და ხარისხობრივად უფრო წყნარ ატმოსფეროში მიმდინარეობს. მთავრობამ განაცხადა საკუთარი განზრახვის შესახებ, მოახმაროს სახელმწიფო რესურსი თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო კამპანიის უზრუნველყოფას. მიუხედავად ამისა, კამპანია მმართველ კოალიციას "ქართული ოცნება" და საპარლამენტო ოპოზიციურ პარტიას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", და პარტიულ ლიდერებს შორის დაძაბული კოაბიტაციის ფონზე მიმდინარეობს", - ნათქვამია ეუთოს ანგარიშში, რომელიც 14 ოქტომბერს გამოქვეყნდა.

ეუთო აღნიშნავს, რომ ცესკოსა და სასამართლოებში წინასაარჩევნო დარღვევებზე მხოლოდ რამდენიმე საჩივარი შევიდა. მიუხედავად იმისა, რომ უწყებათაშორის კომისიას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის (IAC) არ გააჩნია სანქციების დაკისრების უფლებამოსილება, საჩივართა უმრავლესობა ამ კომისიაში იყრის თავს. შეტანილი საჩივრების საპასუხოდ კი, სხვადასხვა დაინტერესებული მხარის სახელზე კომისია შესასრულებლად არასავალდებულო რეკომენდაციებს გამოსცემს.

მაგალითად, ეუთოს მიერ მომზადებული დოკუმენტის მიხედვით, ცესკოში 20 საჩივარი შევიდა, უწყებათაშორის კომისიაში კი - 60. ცესკოში შეტანილი საჩივრები ეხება საჯარო მოხელეთა მიერ კამპანიის ჩატარებას, რაც მათ კანონით ეკრძალებათ, ამომრჩეველთა მოსყიდვას და კამპანიის ჩატარებას საქველმოქმედო ორგანიზაციის მიერ. საჩივართა უმრავლესობა არ დაკმაყოფილდა.

ეუთოს დასკვნაში აღნიშნულია, რომ უწყებათაშორისმა კომისიამ მოსთხოვა კანდიდატებსა და პარტიებს მათი აქტივისტების სიების წარმოდგენა, რათა პროკურატურასა და პოლიციას თავი შეეკავებინა მათი დაკითხვისაგან საარჩევნო პერიოდში.

"წინა არჩევნების დროს აღმოჩენილი პრობლემური საკითხების მოსაგვარებლად, პარტიისა და საარჩევნო კამპანიის დაფინანსების მარეგულირებელ სამართლებლივ აქტებში ცვლილებები 2013 წლის აგვისტოში იქნა შეტანილი. თუმცა, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის მოსაუბრე მხარის ნაწილი შეშფოთებულია მოცემულ საარჩევნო პერიოდში აუდიტის სახელმწიფო სამსახურის კონტროლის დაბალი დონით", - წერს ეუთოს სადამკვირვებლო მისია წინასაარჩევნო მონიტორინგის ანგარიშში.

კომენტარები