მიმართვა თომას ჰამარბერგს

იური მეჩითოვი: სექსუალური უმცირესობების უფლებები არც 17 მაისს დარღვეულა

ფოტოგრაფ იური მეჩითოვის შეფასებით, საქართველოში სექსუალური უმცირესობების უფლებები კი არ ირღვევა, არამედ მისი პროპაგანდა იზღუდება. ასე გამოეხმაურა მეჩითოვი საქართველოს მთავრობის მრჩევლის თომას ჰამარბერგის მისამართით გამოქვეყნებულ ღია წერილს, რომელიც კვირის პალიტრის დღევანდელ ნომერში დაიბეჭდა. 

"რადგან ღმერთმა დააწესა ასე, რომ იბადებიან განსხვავებული ორიენტაციის ადამიანები, ამის საწინააღმდეგო არავის არაფერი არ უნდა ჰქონდეს. მაგრამ ერთია ამ უფლების ქონა და მეორეა ამის პროპაგანდა რაღაცა ფორმით", - განაცხადა მეჩითოვმა ტაბულასთან საუბარში.

ფოტოხელოვანის აზრით, სექსუალური უმცირესობების უფლებები არც 17 მაისს დარღვეულა, როდესაც აქციის მონაწილეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისი განმარტებით, უმცირესობების უფლებები მაშინ ირღვევა, თუ მისი შეხედულებების საფუძველზე ავიწროებენ ყოველდღიურ ცხოვრებაში ან სამსახურში მიღებისას. მეჩითოვის თქმითვე, მიუღებელია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ისეთი ფესტივალის, ფლეშ-მობისა თუ სხვა ღონისძიებების გამართვა, "რომელიც ქვეყანაში არსებულ კულტურულ ფასეულობებს აუფასურებს". 

"ეს უკვე იღებს პროპაგანდის ხასიათს, როცა ჩვენ ვაძლევთ საშუალებას ვიღაცას - იქადაგოს ის, რაც კატეგორიულად მიუღებელია ჩვენი კულტურული კოდისთვის", - თქვა მეჩითოვმა. მან აქვე დასძინა, რომ არ არსებობს ცალკე აღებული პიროვნების თავისუფლება, თუ მას არ მოსდევს პასუხისმგებლობა იმ სოციუმის წინაშე, რომელშიც ის ცხოვრობს.

"შენი თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება ჩემი", - აღნიშნა მეჩითოვმა.

ცნობისთვის, მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი, მწერალი ჭაბუა ამირეჯიბი, ბიზნესმენი ლევან ვასაძე, ფოტოგრაფი იური მეჩითოვი, რეჟისორი გოგა ხაინდრავა და სხვა საზოგადოებისთვის ცნობილი და ნაკლებადცნობილი 40-მდე მოქალაქე სამართლებრივ საკითხებში საქართველოს მთავრობის მრჩეველს თომას ჰამარბერგს ღია წერილით მიმართავს. როგორც  ისინი გაზეთ კვირის პალიტრის დღევანდელ ნომერში გამოქვეყნებულ წერილში აცხადებენ, მიმართვა ეხება ჰამარბერგის საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ დასკვნის იმ ნაწილს, სადაც უფლებადამცველი სექსუალური უმცირესობების უფლებებზე საუბრობს. მათი თქმით, დასკვნის ამ ნაწილში ჰამარბერგი ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებზეც საუბრობს, რაც, ავტორების შეფასებით, იდეოლოგიური ფანდია.

კომენტარები