მიმართვა თომას ჰამარბერგს

მიმართვა თომას ჰამარბერგს - "პატივი ეცით ჩვენს ტრადიციებს"

www.radiotavisupleba.ge

მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი, მწერალი ჭაბუა ამირეჯიბი, ბიზნესმენი ლევან ვასაძე, ფოტოგრაფი იური მეჩითოვი, რეჟისორი გოგა ხაინდრავა და  საზოგადოებისთვის სხვა ცნობილი და ნაკლებადცნობილი 40-მდე მოქალაქე სამართლებრივ საკითხებში საქართველოს მთავრობის მრჩეველს თომას ჰამარბერგს ღია წერილით მიმართავს. როგორც  ისინი გაზეთ კვირის პალიტრის დღევანდელ ნომერში გამოქვეყნებულ წერილში აცხადებენ, მიმართვა ეხება ჰამარბერგის საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ დასკვნის იმ ნაწილს, სადაც უფლებადამცველი სექსუალური უმცირესობების უფლებებზე საუბრობს. მათი თქმით, დასკვნის ამ ნაწილში ჰამარბერგი ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებზეც საუბრობს, რაც, ავტორების შეფასებით, იდეოლოგიური ფანდია.

"ჩვენი საზოგადოება საუკუნეების მანძილზე ისეთი პატივისცემითა და ტოლერანტობით ეპყრობა თავისი რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს, იმდენად თავის სწორად მიიჩნევს მათ, რომ მას არასოდეს აზრადაც არ მოსვლია მათი გატოლება მამათმავლობისა და სხვა სქესობრივი გარყვნილების მქადაგებელ ადამიანებთან. ეს უახლესი იდეოლოგიური ფანდი ჩვენთვის სრულიად მიუღებელი გახლავთ, რამდენადაც უნდა ეცადონ მის დამკვიდრებას დასავლეთში. დარწმუნებულნი ვართ, რომ სექსუალური პერვერსიის მატარებელი ადამიანების გაიგივება ნებისმიერი ქვეყნის რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობებთან, რაც მიზანმიმართულად მოხდა შეერთებულ შტატებსა და დასავლეთ ევროპაში ამ ბოლო წლებში, ხელოვნური, განზრახ თავს მოხვეული იდეოლოგიაა, რომელსაც საერთო არაფერი აქვს ადამიანური საზოგადოების ცხოვრების საუკუნოვან წესთან", - ნათქვამია წერილში.

ავტორები ჰამარბერგს არ ეთანხმებიან, რომ "ჰომოფობიის საწინააღმდეგო საერთაშორისო დღის აღნიშვნა უფლებების რეალიზებაა და არა ე. წ. პროპაგანდა". მათი განცხადებით, ყველანაირი საჯარო ღონისძიება იმის პროპაგანდაა, რასაც იგი ქადაგებს და ამის უარყოფა ალოგიკურია.

"გვინდა, შეგახსენოთ, რომ 2012 წლის 17 მაისს ანალოგიური აქციის მცდელობა თბილისის 51-ე საჯარო სკოლის წინ გაიმართა, სადაც ვითომ უწყინარი უფლებების რეალიზება გადაიქცა ბავშვების თვალწინ გარყვნილების პროპაგანდად. თქვენ უფლებებს იცავთ და სწორედ ეს არის იმ მშობლებისა და ბავშვების უფლებების შელახვა, რომელთათვისაც მიუღებელია უზნეობის უსირცხვილო ექსჰიბიციონიზმი. საქართველოში გარყვნილების მიმდევრებს, რომელთაც იციან, რომ ცოდვას სჩადიან, არავინ ერჩის, რადგან ჩვენი ტრადიციისამებრ ყველა ადამიანმა საკუთარ სინდისსა და წესიერებაზე უნდა იზრუნოს. მაგრამ ეს სრულიად არ ნიშნავს, რომ ჩვენი საზოგადოების საუკუნოვანი წესები იძლევა გარყვნილებისა და უწესობის საჯაროდ პროპაგანდისა და ზეიმის უფლებას", - აღნიშნავენ ღია წერილის ავტორები და ჰამარბერგს ქართული ტრადიციების პატივისცემისკენ მოუწოდებენ.

"თქვენმა დამსაქმებელმა სამუშაოდ ტრადიციულ საზოგადოებაში მოგავლინათ. დიპლომატიის ნორმები თქვენგან მოითხოვს იმ ქვეყნის ტრადიციების პატივისცემას, სადაც იმყოფებით. ჩვენი ქვეყნის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ მომენტში თბილისში ქრისტიანული ზნეობის დაცვას 100 000-მა ადამიანმა რამდენიმე დღეში ნებაყოფლობით თავი შესწირა. თბილისელები ამ ადამიანებს წმინდანებად მიიჩნევენ. თქვენ კი გამოდიხართ და ამ ქალაქისა და ამ ქვეყნის მცხოვრებთ ჭკუას გვასწავლით, თუ რა არის წესიერება და კიდევ ამბობთ, რომ თურმე ჩვენც უფლება უნდა მოგვეცეს ჩვენი აზრის გამოხატვისა! მივაპყრობთ თქვენს ყურადღებას იმ ფაქტს, რომ თქვენ გეძლევათ ჩვენგან უფლება ჩვენს ქვეყანაში თქვენი აზრის თავისუფლად გამოხატვისა, ჩვენ კი უფლებას ვიტოვებთ, გაგცეთ პასუხი თქვენს აზრზე", - აღნიშნულია წერილში. 

წერილის ავტორების განცხადებით, 17 მაისის აქციაზე ორიოდე საეკლესიო პირის გადაცდომაზე მიზანმიმართულად აგებული ტელეკოლაჟის საფუძველზე ეკლესიის როლის ასეთი გაყალბება და უსამართლოდ დახატვა გაოგნებას იწვევს.

"თქვენ ამბობთ -  "საქართველოს ეკლესიამ ნათლად უნდა გამოხატოს, რომ წინააღმდეგია ლგბტ ადამიანებზე ყოველგვარი ძალადობისა", გვიკვირს, რომ გვაიძულებთ, შეგახსენოთ, რომ ქართული ეკლესიის საჭეთმპყრობელმა, მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია II-მ იმ დღესვე განაცხადა, რომ ეკლესია ემიჯნება ძალადობას. ორიოდე საეკლესიო პირის გადაცდომაზე მიზანმიმართულად აგებული ტელეკოლაჟის საფუძველზე ჩვენი ეკლესიის როლის ასეთი გაყალბება და უსამართლოდ დახატვა ჩვენში გაოგნებას იწვევს. საერთოდ ყოველგვარი მცდელობა დასავლეთის მხრიდან ჩვენს ეკლესიაზე ზეწოლისა, ჩვენთვის, როგორც არასაეკლესიო, საერო პირთათვის მიუღებელია. ჩვენთვის გარყვნილების პროპაგანდა მიუღებელია ასევე დემოგრაფიის კუთხითაც. ამ პირობებში ჩვენი ერისათვის სრულიად დამღუპველია ანტიოჯახური უზნეობის პროპაგანდა, რომელსაც თქვენი მხარდაჭერილი იდეოლოგიით წლიდან წლამდე ახალ-ახალი აბრევიატურები ემატება. რომელ ერთს ვდიოთ, ბატონო თომას, რას გვეტყვით, თუ მომავალ წლებში გარყვნილების მხარდაჭერილი ინტერნაციონალის ოთხ ასოს კიდევ სხვა აბრევიატურებსაც შემატებს დასავლეთი? განა არ მიდის თქვენთან ზრდასრული ადამიანების ბავშვებთან სქესობრივი კავშირის ლეგალიზაციისათვის პოლიტიკური ბრძოლა ადამიანის უფლებების დროშით?. ნება გვიბოძეთ, თავად განვსაჯოთ, რა არის ჩვენთვის პატივცემული და ბევრ რამეში მისაბაძი დასავლეთიდან მისაღები და რა - მიუღებელი. და თუ ჩვენი მეგობრობა თქვენთვისაც უბრალოდ სიტყვა არ არის, მაშინ თქვენც უნდა გჯეროდეთ მისი ფუნდამენტური თვისებისა, რომელსაც მეგობართა თანასწორობა ჰქვია. ეს კი ნიშნავს, რომ თქვენც უნდა გსურდეთ ჩვენგან რაღაცის სწავლა ან შეხსენება", - აღნიშნულია ღია წერილში.

თომას ჰამარბერგმა საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ 40-გვერდიანი ანგარიში 22 სექტემბერს წარადგინა. ევროკავშირის სპეციალური  მრჩევლის შეფასებით, ბოლოდროინდელი ისლამოფობიური და ჰომოფობიური აქტები უკიდურესად შემაშფოთებელია. მისივე თქმით, უმცირესობებთან მიმართებით 17 მაისის აქციასა და შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე სამართლებრივი რეაქცია არასაკმარისი იყო.

კომენტარები