საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ რუსეთს ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონებში საოკუპაციო ხაზების გასწვრივ მავთულხლართებისა და ღობეების გავლების პროცესის შეჩერებისკენ ეუთოს ტრიბუნიდან მოუწოდა. ფანჯიკიძემ საოკუპაციო ხაზთან შექმნილ ვითარებაზე ეუთოს მუდმივ საბჭოზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
"მინდა, უკიდურესი შეშფოთება გამოვთქვა რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შექმნილი კრიტიკული სიტუაციის გამო. რამდენადაც თქვენთვის ცნობილია, 2013 წლის იანვრიდან, რუსეთის საოკუპაციო ჯარები, უშიშროების ფედერალური ბიუროს სასაზღვრო ძალებთან ერთად, ინტენსიურად აგრძელებენ ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, გორის, ქარელის, კასპისა და ახალგორის რაიონებში, მავთულხლართებისა და ღობეების გავლების ფართომასშტაბიან პროცესს. ბოლო თვეების განმავლობაში, ეს პროცესი კიდევ უფრო გაძლიერდა. ამჟამად, ცხინვალის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების მთლიანი სიგრძე უკვე 35 კილომეტრს აღწევს და პროცესი კვლავ გრძელდება", - თქვა ფანჯიკიძემ.
ფანჯიკიძემ ასევე თქვა, რომ ბარიერების აღმართვა მნიშვნელოვნად აუარესებს ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების პირობებს.
"ცხინვალის რეგიონის სოფლებში მავთულხლართების გავლების შედეგად უკვე 65 ქართული ოჯახი დაზარალდა, მათგან რამდენიმეს საცხოვრებელი ადგილების დატოვებაც კი მოუხდა, რამაც იძულებით გადაადგილებულ პირთა ახალი ტალღა წარმოქმნა. ადგილობრივ მოსახლეობა ვერ ახერხებს სასაფლაოებთან მისვლას, სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებით, სასმელი და სარწყავი წყლის სისტემებით, ასევე გადაუდებელი სამედიცინო მომსახურებით სარგებლობას. რუსეთის უკანონო ქმედებები საქრთველოს მთავრობის განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს იმ ფონზე, რომ მოსკოვი კვლავაც აგრძელებს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების თანმიმდევრულ მილიტარიზაციას; არ კისრულობს შემხვედრ ვალდებულებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ; ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას არ აძლევს ოკუპირებულ რეგიონებში შეღწევისა და უსაფრთხოების სიტუაციის შესწავლის შესაძლებლობას, როგორც ეს განსაზღვრულია ამ მისიის მანდატით და აგრძელებს ჰუმანიტარული დახმარების დაბლოკვას", - აღნიშნა ფანჯიკიძემ.
ფანჯიკიძის თქმით, ამგვარი უკანონო ქმედებები ყოვლად წარმოუდგენელია ეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობებში ბოლო დროს შექმნილი პოზიტიური დინამიკისა და საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული კონსტრუქციული ნაბიჯების ფონზე, "რომელთა მიზანია დაძაბულობის დეესკალაცია და რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება".
"მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ გამოხატა კეთილი ნება და ოლიმპიური თამაშების დეპოლიტიზაციის მიზნით, მიიღო რთული გადაწყვეტილება მონაწილეობის შესახებ, მოსკოვი ცდილობს ამ ფაქტის პოლიტიკური მოტივებით გამოყენებას და პროვოკაციული მოქმედების გზას ირჩევს. ამგვარი დესტაბილიზაციური და პროვოკაციული ქმედებების ფონზე, ჩვენ კვლავაც მშვიდობიანი და პრაგმატული მიდგომის ერთგულნი ვრჩებით და არ ვაპირებთ რეაგირებას მსგავსი პროვოკაციული მეთოდებით. ამ ფორუმზე მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონებში საოკუპაციო ხაზების გასწვრივ მავთულხლართებისა და ღობეების გავლების პროცესი, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის შეთანხმება და საერთაშორისო სამართლით ნაკისრი ვალდებულებები, შეწყვიტოს ოკუპირებულ რეგიონებსა და მომიჯნავე ტერიტორიებზე მცხოვრები პირების ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების უხეში დარღვევა", - განმარტა ფანჯიკიძემ.
მაია ფანჯიკიძის თქმით, საქართველომ უნდა გააძლიეროს ძალისხმევა ადგილზე ეუთოს მისიის სრულფასოვნად აღდგენისთვის, რომელიც აღჭურვილი იქნება ოკუპირებულ რეგიონებში სამშვიდობო და საპოლიციო მანდატებით.
"რისი გაკეთება შეუძლია ეუთოს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა გაუარესებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით? მნიშვნელოვანია, კიდევ უფრო გაძლიერდეს ეუთოს აქტიური მონაწილეობა კონკრეტული ინიციატივების განხორციელების კუთხით, რომელთა მიზანია ომის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ჰუმანიტარულ საჭიროებათა დაკმაყოფილება, ნდობის გამტკიცება, და ერთმანეთისგან გამიჯნულ მოსახლეობას შორის შერიგების პროცესის ხელშეწყობა. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევები საჭიროებს თქვენს დაუყოვნებელ ყურადღებას და ადეკვატური ზომების მიღებას. ადგილზე სიტუაციის შემდგომი გაუარესების თავიდან აცილებისა და ჰუმანიტარული ჩიხის დაძლევის მიზნით, საჭიროა ოკუპირებულ რეგიონებში აღდგეს ადამიანის უფლებათა მონიტორინგის საერთაშორისო მექანიზმი", - თქვა ფანჯიკიძემ.





