ნორვეგიული ინვესტიცია

ერიკ ველ ვატნესი: საქართველოში ნორვეგიიდან ინვესტიცია რეალურია

pirveliradio.ge/

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი კოვზანაძე ნორვეგიის მთავრობის ინოვაციების ფონდის დირექტორს ერიკ ველ ვატნესს და უფროს მრჩეველს ანა ეილერტსენს შეხვდა. 

კოვზანაძის განცხადებით, ნორვეგიული მხარის დაინტერესება საქართველოს ეკონომიკაში ინვესტირებით მორიგი დადებითი სიგნალია. "საქართველოს ეკონომიკა ღიაა ყველა ჯანსაღი იდეისა და ურთიერთხელსაყრელი წინადადების განხილვისთვის. ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით მთავრობის ეკონომიკური გუნდის გამჭვირვალე პოლიტიკას უკვე მოაქვს კონკრეტული დადებითი შედეგები. ნორვეგიელ კოლეგებს გავაცანით საპარტნიორო ფონდის შესაძლებლობები და ჩვენი მუშაობის სპეციფიკა, ასევე, უკვე დასრულებული და მიმდინარე პროექტები. ახლო მომავალში საპარტნიორო ფონდი სუვერენულ ფონდად გარდაიქმნება და უფრო დაუახლოვდება იმ სპეციფიკას, რომლითაც ჩვენი ნორვეგიელი კოლეგები მუშაობენ. ამ კუთხით, მათი გამოცდილების გაზიარება და მათთან ინტენსიური პარტნიორობა კიდევ უფრო საინტერესოა", - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ. 

საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი იმედოვნებს, რომ ნორვეგიული მხარის დაინტერესებას უახლოეს მომავალში კონკრეტული ინიციატივები მოჰყვება. 

ნორვეგიული ინოვაციების ფონდის დირექტორის ერიკ ველ ვატნესის განცხადებით, საქართველოს სტატისტიკური მონაცემები უმჯობესდება, რამაც მათი ყურადღება მიიპყრო. 
"ვხედავთ, რომ საქართველო საინვესტიციოდ მიმზიდველი ქვეყანა ხდება. ამდენად, საქართველოში ინვესტიციების მოზიდვით დაინტერესებულ სტრუქტურებთან თანამშრომლობის ჩამოყალიბება ჩვენთვის პრიორიტეტული საკითხია. ვიმედოვნებ, ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავებისა და საქართველოში ნორვეგიული ბიზნესის მხრიდან ინვესტირებით დაინტერესება რეალურია", - განაცხადა ერიკ ველ ვატნესმა.

კომენტარები