საქართველოს ეროვნული ნაკრები

gonews.it: მჭედლიძემ საქართველოს ნაკრებს უარი უთხრა და ემპოლიში დარჩა

ლევან მჭედლიძე
gazzetta.it

იტალიული ინტერნეტგამოცემა gonews.it ემპოლისა და საქართველოს ნაკრების თავდამსხმელ ლევან მჭედლიძის შესახებ საინფორმაციო სახის სტატიას აქვეყნებს, რომლის სათაურია "მიყვარს ჩემი ქვეყანა, მაგრამ ახლა გუნდს ვჭირდები".

"ლევან მჭედლიძემ ეროვნულ ნაკრებს უარი უთხრა იმ მიზეზით, რომ დარჩეს ემპოლიში და მოემზადოს რეჯინასთან შეხვედრისთვის", - ნათქვამია სტატიაში. როგორც gonews წერს, ეს არ არის კატეგორიული უარი, უბრალოდ, გადაწყვეტილება სიტუაციიდან გამომდინარეობს. საქართველოს მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი აღარ აქვს, ემპოლის კი რეჯინაში მნიშვნელოვანი შეხვედრა ელის - ასე ხსნის იტალიური გამოცემა მჭედლიძის გადაწყვეტილებას.

შეგახსენებთ, რომ 15 ოქტომბერს საქართველოს ნაკრები სტუმრად, ალბასეტეში ესპანეთის გუნდს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო შეხვედრაში დაუპირისპირდება. თემურ ქეცბაიას მიერ გამოძახებულთა სიაში არ არის ლევან მჭედლიძე.

"ჩემი ქვეყანა და ეროვნული ნაკრები ჩემთვის ბევრს ნიშნავს, მაგრამ მოცემულ მომენტში მსურს, უკეთ მოვემზადო რეჯინასთან შეხვედრისთვის. მწვრთნელს და თანაგუნდელებს ვჭირდები და არ მსურს მათ იმედები გავუცრუო", - აცხადებს ლევან მჭედლიძე.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ემპოლისთან კონტრაქტი რამდენიმე დღის წინ 2015 წლამდე გაახანგრძლივა.

კომენტარები