ვანო მერაბიშვილის საქმე

ვანო მერაბიშვილი: იქ, სადაც ლაშა ნაცვლიშვილი პროკურორია, მე ციხეში უნდა ვიჯდე

www.ipn.ge

ქუთაისში ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილისა და კახეთის გუბერნატორის ზურაბ ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ადვოკატებმა მოსამართლე ნათია ბარბაქაძეს რამდენიმე შუამდგომლობით მიმართეს. მერაბიშვილის ადვოკატმა ოთარ კახიძემ პროკურორების შემადგენლობის აცილება მოითხოვა. მისი თქმით, ან არჩილ კბილაშვილი დაჯდეს და მან დაიცვას ბრალდების მხარე ან პროკურორებმა დელეგირების დოკუმენტი წარმოადგინონ. ბრალდების მხარის განმარტებით კი, მერაბიშვილი თანამდებობის პირი აღარ არის, რის გამოც, კბილაშვილის მიერ ბრალდების პოზიციის დაცვა საჭირო არ არის. აღნიშნული შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

"აქ მყოფი ახალგაზრდა პროკურორები წარმოადგენენ ლაშა ნაცვლიშვილს, ლევან პირველს, კახა თარგამაძეს. ხოლო ხანდაზმული პროკურორი პირდაპირ შეიძლება მივიჩნიოთ შევარდნაძედ. იმ ქვეყანაში, სადაც ლაშა ნაცვლიშვილი პროკურორია, სადაც კახა თარგამაძესთან შეკითხვები არ აქვს, რა თქმა უნდა, მე ციხეში უნდა ვიჯდე. მაგრამ, ქალბატონო მოსამართლევ, რა დავალებაც არ უნდა გქონდეთ, ვერ შეძლებთ მის შესრულებას", - მიმართა მერაბიშვილმა ნათია ბარბაქაძეს.

ადვოკატების მეორე შუმადგომლობა ყოფილი პრემიერისთვის წინასწარი პატიმრობის გაუქმებას შეეხებოდა. ადვოკატებმა თავდაპირველად, მერაბიშვილის თავისუფლების სანაცვლოდ, მოსამართლეს 20-ათასლარიანი გირაო, ქვეყნიდან გასვლის აკრძალვა და პასპორტის გონივრულ ვადებში ჩაბარება დაუსახელეს, თუმცა, მერაბიშვილის თქმით, 20-ათასლარიანი გირაო მისთვის შეურაცხმყოფელია. მოსამართლეს გადაწყვეტილება აღნიშნულ შუამდგომლობასთან დაკავშირებით ჯერ არ მიუღია.

რაც შეეხება მესამე შუამდგომლობას, რომელიც დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენას ითვალისწინებს, მოსამართლემ იგი დააკმაყოფილა.

ცნობისთვის, დღევანდელ სასამართლო პროცესს ლიტვის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი რაიმუნდას პალაიტისი ესწრება.

"მე ჩამოვედი, რათა მხარი დავუჭირო ჩემს ძველ მეგობარს ვანო მერაბიშვილს. ის, რომ ყოფილი პრემიერი დაპატიმრებულია, საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე დადებითი კუთხით არ წარმოაჩენს. ჩემი აზრით, ეს საქმე პოლიტიკურია“, - განაცხადა ლიტვის შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა.

ვანო მერაბიშვილსა და ზურაბ ჭიაბერაშვილს დასაქმების პროგრამასთან დაკავშირებით ადანაშაულებენ.

კომენტარები