ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ბაქრაძე: ნაციონალური მოძრაობა იცვლება და განახლებას განიცდის

ხათუნა ხუციშვილი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მეექვსე ყრილობაზე, პარტიის დელეგატებსა და ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით ბაქრაძემ სიტყვით მიმართა. დავით ბაქრაძემ დელეგატებს მადლობა გადაუხადა ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარედ არჩევისთვის, რომელიც პარტიის გადაწყვეტილებების მიმღები მთავარი ორგანო იქნება.

"დღევანდელი დღე საზეიმო და სასიხარულო დღეა ყველა ჩვენი მხარდამჭერისთვის. მითუმეტეს არ შემიძლია არ ვახსენო ის ადამიანები, ჩვენი თანაპარტიელები და თანამებრძოლები ვინც დაპატიმრებულია ან იდევნება, ჩვენი პარტიის გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი და მრავალი სხვა, მინდა გთხოვოთ ამ დარბაზიდან მხარდაჭერა გამოვუცხადოთ და მივესალმოთ ჩვენს მეგობრებს" - მიმართა ბაქრაძემ მხარდამჭერებს.

დავით ბაქრაძის თქმით, მიუხედავად ამისა პარტია განაგრძობს ბრძოლას უკეთესი მომავლისთვის, - ხოლო ნაციონალური მოძრაობა იცვლება და ვითარდება.:

"ის ითვისებს და ითვალისწინებს ყველა იმ გაკვეთილს, რომელიც მღელვარე პოლიტიკურმა ცხოვრებამ გვასწავლა. დღეს ჩვენ ვახორციელებთ ცვლილებებს რომლის მიხედვითაც ჩვენი პოლიტიკური ძალა უფრო დემოკრატიული ხდება, ფართოვდება გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილე ადამიანების რაოდენობა, მკვიდრდება კოლექტიური გუნდური მართვის პრინციპი. რამდენიმე თვის წინ წარმატებით დავასრულეთ ეტაპი ჩვენი პარტიული ცხოვრების განვითარებაში, როდესაც საპრეზიდენტო კანდიდატი არჩეულ იქნა არა ერთი ადამიანის გადაწყვეტილებით ან მხოლოდ ამ ერთ ადამიანთან პიროვნული სიახლოვის ნიშნით, როგორც ეს მოხდა ჩვენი ოპონენტების შემთხვევაში, არამედ თითოეული თქვენგანის ხმებით, სრულიად ღია და გამჭვირვალე დებატების გზით, ამით ჩვენ დავადასტურეთ რომ ნაციონალური მოძრაობა სწავლობს და ვითარდება, რომ ჩვენ პატივს ვცემთ თითოეული თქვენგანის აზრსა და შეხედულებას, რაც მთავარია, პრაიმერის პროცესით ჩვენ გამოვხატეთ პატივისცემა ჩვენი საზოგადოების მიმართ, რომელიც ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ საპრეზიდენტო კანდიდატის ვინაობა შეიტყოს არა დახურული პარტიული შეხვედრებიდან, არამედ დემოკრატიული, გამჭვირვალე და ღია დებატების შედეგად. დღევანდელი დღეც ამ სულისკვეთების გაგრზელებაა, ჩვენი პოლიტიკური ძალა ეფუძნება დემოკრატიულ პრინციპებსა და ღირებულებებს, ის ყოველი ჩვენგანის მიზნებს უნდა გამოხატავდეს და ყველას უნდა ჰქონდეს შანსი, თავისი ხმა გააგონოს თანამებრძოლებს, ჩვენი პარტია იცვლება, განახლებას განიცდის და ამავდროულად ახალი პოლიტიკური ბრძოლებისთვის ემზადება, და რაც უფრო გახსნილი, დემოკრატიული და ღია ვიქნებით ამ ბრძოლაში მით მეტ წარმატებას მივაღწევთ." - განაცხადა ბაქრაძემ.

კომენტარები