მცოცავი ოკუპაცია

ბოკერია: არ შეიძლება პრემიერმა ამ პრობლემას უწოდოს უბრალო გაუგებრობა

ტაბულა

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ ტელეკომპანია იმედის გადაცემა ღია ეთერში რუსეთს მხრიდან „მცოცავი ოკუპაციის“ გაგრძელებასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე ისაუბრა.  

მის თქმით, მავთულხლართების გავლება დამატებითი ტერიტორიების ოკუპაციას ნიშნავს და იქ მცხოვრები ადამიანების ტრაგედიაა.  

„ამის გარდა, ჩვენ გვაქვს წმინდა წყლის სტრატეგიული საფრთხეები - თუკი რუსეთს მიეცემა შესაძლებლობა, იგივე არალეგიტიმური ლოგიკით გააგრძელოს საბჭოთა რუკების მიხედვით მოქმედება და გაყვეს ცხინვალის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილ საზღვარს, ანუ ოკუპაციის ხაზი გადმოსწიოს, ამაში მოყვება სტრატეგიული ინფრასტრუქტურა - ბაქო-სუფსის მილსადენი, ქართლი-2 და ა.შ. ეს ხაზი შეიძლება მალე მოვიდეს ჩვენს მთავარ მაგისტრალთან“, - აღნიშნა  უშიშროების საბჭოს მდივანმა.  

„თან, საბჭოთა რუკებს აქვთ ერთი ცუდი თვისება - ისინი თვითონ იცვლიან ადგილმდებარეობას. გვახსოვს, როგორ გამოაცხადა სოხუმის მარიონეტულმა რეჟიმმა რამდენიმე წლის წინ, რომ მათ რაღაც ძველი რუკა იპოვეს, რომლის მიხედვითაც, განმუხური აფხაზეთის საზღვრებში უნდა მოექცეს... ეს საფრთხე არსებობს და უნდა გვესმოდეს, რომ ეს არაა მხოლოდ ცალკეული ადამიანების ტრაგედია... თუ რეაქცია არ იქნება ადეკვატური დღესვე და არ მივიღეთ ყვეკლა ზომა - ამაში არ ვგულისხმობ საომარ მოქმედებას - ეს აგრესია გაგრძელდება", - განაცხადა ბოკერიამ.

„მე შემექმნა შთაბეჭდილება, რომ ახალი ხელსუფლების განცხადებები შეიძლება ასე ვთარგმნოთ - ეს ძალიან ცუდია, მაგრამ ეს უნდა მოხდეს, დამთავრდება და მორჩა. და ეს არის პრობლემა“, - აღნიშნა უშიშროების საბჭოს მდივანმა.

"შემიძლია დავიწყო იმით, რა არ უნდა ვქნათ - არ შეიძლება, პრემიერმინისტრმა ამ პრობლემას უწოდოს უბრალო გაუგებრობა, არ შეიძლება, პრემიერმა საერთაშორისო ტრიბუნაზე გამოსვლისას თქვას, რომ პრობლემაა, მაგრამ ჩვენ ამას პასუხისმგებლობით ხვვდებით. ანუ პრობლემაა, მაგრამ ვყლაპავ. რადგან ჩვენი მთავარი ინსტრუმენტია საერთაშორისო ზეწოლა რუსეთზე. ეს არაა გარანტია, მაგრამ, როგორც მინიმუმ, აფერხებს აგრესიას... თუ პრემიერი თავად უწოდებს ამას უბრალო გაუგებრობას, არ შეიძლება გვქონდეს მოლოდინი, რომ ჩვენი თუნდაც საუკეთესო მეგობრები ჩვენზე პატრიოტები იქნებიან ჩვენი ქვეყნის“, - განაცხადა ბოკერიამ.

მისი თქმით, „ეს პროცესი რომ საგანგაშოა, პრემიერმინისტრის მხრიდან არ არსებობს ამის განცდა არც საერთაშორისო ასპარეზზე, არც ქვეყნის შიგნით“.

ბოკერიამ აღნიშნა, რომ იყო სწორი ნაბიჯებიც საგარეო უწყების მხრიდან. მაგრამ განსხვავებული სიგნალები, მაგალითად, პრემიერის განცხადებები  ევრაზიულ კავშირზე, ამცირებს საქართველოს შესაძლებლობებს, პარტნიორებისგან დახმარება მიიღოს.

მან „სტრატეგიული სისულელე“ უწოდა ახალი ხელსუფლების წარმომადგენელთა კონცეფციას იმის თაობაზე, რომ საქართველო არ უნდა იყოს პრობლემა რუსეთსა და დასავლეთს შორის. ბოკერიას თქმით, შეიძლება დასავლეთში ვინმეს მოეწონოს მსგავსი რიტორიკა, მაგრამ ეს მოწონება საქართველოს პრობლემების დავიწყებას ნიშნავს. მან ხელისუფლებას მოუწოდა, რუსეთზე საერთაშორისო წნეხის როლი არ შეამციროს. 

კომენტარები