ახალაიას აუდიო-ვიდეოჩანაწერი

წულუკიანი: თვალთვალი საკნებში კანონმდებლობის პრობლემაა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ბაჩო ახალაიას საკანში გაკეთებულ ვიდეოჩანაწერებში კანონდარღვევას ვერ ხედავს. როგორც მინისტრმა რუსთავი 2-ის გადაცემა პოზიციაში განაცხადა, ბრალდებულის მხრიდან თანხმობა ვიდეო და ელექტრონულ კონტროლზე არსებობდა.

"მე ვფიქრობ, რომ ელექტრონულში აუდიოჩანაწერის გაკეთების უფლებაც მოიაზრება. ის, რაც ითქვა, ადასტურებს, რომ კანონი, რომელიც წინა ხელისუფლებამ დაგვიტოვა, არის დასახვეწი. თუ გაირკვა, რომ კანონი არაა საკმარისად ნათელი, ეს კანონმდებლობის პრობლემაა და არა სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის", - განაცხადა წულუკიანმა.

თეა წულუკიანი მიესალმა ან ფაქტზე პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყებას, რადგან „ერთია, რომ შიგნით არაა აკრძალული ამის ჩაწერა, მაგრამ მეორეა, რომ ეს გარეთ გამოდის. მეორე ნაწილი შემაშფოთებელია და პროკურატურამ მალე უნდა დაადგინოს, ვინ შეუწყო ამას ხელი".

რაც შეეხება იმას, რამდენად დაირღვა ახალაიას საკანში მყოფი ადვოკატების, დეპუტატ აკაკი მინაშვილისა და მონიტორინგის ჯგუფის წევრების უფლებები, როცა მათი გადაღება გაფრთხილების გარეშე მოახდინეს, წულუკიანის თქმით, არცერთი სტუმრისთვის არაა ახალი, რომ ციხე ის ადგილია, სადაც ვიდეოკამერებით იღებენ.

"რა თქმა უნდა, ჯობდა, ისინი ყოფილიყვნენ გაფრთხილებულები, მაგრამ ის, რომ ციხეში არაა თავისუფალი გარემო და იქ არის ვიდეოკამერები და რაღაცეები იწერება, არცერთი სტუმრისთვის არაა ახალი, თუმცა სტუმრებთან დაკავშირებით დეტალურადაა შესასწავლი ვიდეო, რასაც იმედია, გამოძიება გააკეთებს. სტუმარი სტუმარია, ის პატიმარი არაა და მისი უფლებები უფრო მაღალი ხარისხითაა დაცული", - აღნიშნა წულუკიანმა.

 

 

კომენტარები