ახალაიას აუდიო-ვიდეოჩანაწერი

ახალაიას ადვოკატები ჩანაწერების საქმეზე გამოძიების დაწყებას მოითხოვენ

ბაჩო ახალაია
wikipedia.org

ახალაიას ადვოკატები ითხოვენ, რომ პროკურატურამ გამოძიება დაიწყოს იმის თაობაზე, თუ რატომ მოხდა ახალაიას საკანში ვიდეო-აუდიოჩანაწერების გაკეთება. 

ბაჩო ახალაია საკანში მხოლოდ ვიზუალურ კონტროლზე იყო თანახმა, - ამის შესახებ ახალაიას ადვოკატმა რომეო საჯაიამ განაცხადა. 
მისი თქმით, ვიზუალური კონტროლის დროს, არ ხდება ჩაწერა, მხოლოდ მონიტორზე აკვირდებიან პატიმარს. რომეო საჯაიას თქმით, კანონი დაირღვა მონიტორინგის ჯგუფის წევრებისა და პარლამენტის წევრის მიმართაც, რომელსაც იმუნიტეტი იცავს. 

"ნებისმიერი სახის აუდიო და ვიდეოჩაწერას სჭირდება სასამართლო თანხმობა, ამასთან, ბაჩო ახალაია არც აუდიო და არც ვიდეოჩაწერაზე თანახმა არ ყოფილა, ტყუილია ის, რასაც სად-ის თავმჯდომარე აცხადებს. ამასთან, აუდიოჩაწერა არავის შემთხვევაში არ ხდება, მაშინ სხვებისაც გვანახონ", - განაცხადა საჯაიამ.

ახალაიას კიდევ ერთი ადვოკატის, გოგა ონიანის განცხადებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტს აუდიო-ვიდეოჩაწერაზე სასამართლოს შესაბამისი ბრძანება არ გააჩნია, რაც დანაშაულია. 
"ვინაიდან სასჯელაღსრულებაში აცხადებენ, რომ ამ ჩანაწერებზე ინფორმაცია ჰქონდა მინისტრს, აქედან გამომდინარე, დანაშაული ჩადენილია მინისტრის ორგანიზებით. ვიდეოკონტროლი არის აბსოლუტურად სხვა რამ, ვიდეო-აუდიოჩანაწერი - აბსოლუტურად სხვა", - განაცხადა ონიანმა. 
ადვოკატების ინფორმაციით, ფარული აუდიო-ვიდეოჩანაწერების გავრცელებაზე ბაჩო ახალაია ციხიდან ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს სოციალური ქსელის მეშვეობით. 

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მიხეილ ღურწკაიას განცხადებით, ბაჩო ახალაიას საკანში ვიდეო და აუდიო მეთვალყურეობა მისი თანხმობით ხორციელდებოდა. მისივე განმარტებით, მეთვალყურეობაში აუდიო და ვიდეო თვალთვალი იგულისხმება. "ბაჩო ახალაია თანახმაა ვიზუალურ და ელექტრონულ მეთვალყურეობაზე", - განაცხადა ღურწკაიამ და აღნიშნა, რომ ახალაიას თანხმობით, მისი თვალთვალი ამჟამადაც ხორციელდება ე.წ. მატროსოვის ციხეში. 

კახეთის საინფორმაციო ცენტრმა შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას საკანში გადაღებული ფარული ვიდეომასალა გაავრცელა. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, ვიდეო 2012 წლის ნოემბერშია ჩაწერილი და რამდენიმესაათიანია, თუმცა სააგენტომ მხოლოდ ფრაგმენტები გამოაქვეყნა. მასალა გადაღებულია სასჯელაღსრულების #7 დაწესებულებაში და მასში ჩანს, როგორ შედიან ახალაიასთან ციხეების საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფის წევრები, ასევე დეპუტატი აკაკი მინაშვილი.

კომენტარები