ფარული ჩანაწერები

ბაჩო ახალაიას საკანში გადაღებული ფარული ვიდეომასალა გავრცელდა

Akhalaia, nominee for the post of Georgia's Interior Minister, listens during a meeting in parliament in Tbilisi
David Mdzinarishvili / REUTERS

კახეთის საინფორმაციო ცენტრმა შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას საკანში გადაღებული ფარული ვიდეომასალა გაავრცელა. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, ვიდეო 2012 წლის ნოემბერშია ჩაწერილი და რამდენიმესაათიანია, თუმცა სააგენტომ მხოლოდ ფრაგმენტები გამოაქვეყნა. მასალა გადაღებულია სასჯელაღსრულების #7 დაწესებულებაში და მასში ჩანს, როგორ შედიან ახალაიასთან ციხეების საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფის წევრები, ასევე დეპუტატი აკაკი მინაშვილი.

ვიდეომასალა გელა მთივლიშვილმა მოიპოვა, რომელიც მონიტორინგის ჯგუფის წევრიც იყო. მისი განმარტებით, მონიტორინგისას მათ იცოდნენ, რომ სასჯელაღსრულების სამინისტრო ბაჩო ახალაიას საკანს ვიდეოთვალით აკვირდებოდა, მაგრამ აუდიოჩაწერის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ. ტაბულასთან საუბარში მან თავი შეიკავა ინფორმაციის მიმწოდებლის ვინაობის დასახელებისგან, თუმცა განაცხადა, რომ სანამ ის ამ ვიდეომასალას ნახავდა, ამის შესაძლებლობა მანამდე არაერთ ადამიანს ჰქონდა.

ფარული ვიდეოჩანაწერის გამოქვეყნება ბაჩო ახალაიას ადვოკატებმა გააპროტესტეს. გიორგი ონიანის თქმით, ჩანაწერი არაკანონიერია, რადგან სასამართლოს ნებართვა არ არსებობდა. 

კომენტარები