დედაქალაქის მერი გიგი უგულავა შსს-ს მიერ ე.წ. ჯიჰადის ვიდეოების გავრცელების საქმის გახსნას გამოეხმაურა. როგორც გიგი უგულავა Facebook-ის გვერდზე გავრცელებულ ვიდეოში აცხადებს, დანაშაულის სქემა საკმაოდ მწყობრი და ლოგიკურია.
"ამიტომ, ამ თვალსაზრისით ეჭვს ვერ შევიტან, რადგან მე არ მაქვს მეტი ინფორმაცია. თუმცა, ბუნებრივია, ისევე, როგორც მე, ასევე საზოგადოების ძალიან ბევრს წევრს გაუჩნდება შეკითხვა იმ ბუნდოვანებასთან დაკავშირებით, რაც ამ ყველაფრის გამოცხადებას ახლდა თან. ჩვენ ჯერ ვნახეთ ერთი მინისტრის წუხილი, რომ არ არის გახსნილი, შემდეგ ვნახეთ ნიშნის მოგებით მეორე მინისტრის განცხადება, რომ თითქოს გახსნილია ერთი თვეა. ახლა ვიხილეთ, რომ გახსნილია ერთი თვეა. წინააღმდეგობრივი იყო განცხადებაც, ჩემი აზრით, შინაგან საქმეთა სამინისტროსი, საზოგადოებას ყოველ შემთხვევაში ასეთი შთაბეჭდილება შეექმნა, რომ სასამართლომ იმ პირს აღკვეთის ღონისძიება შეუფარდა და თითქოს დაპატიმრებული იყო. თურმე დაპატიმრებული კი არაა, საქართველოს მოქალაქეც არაა და არც საქართველოდან არ განხორციელებულა დანაშაული", - განაცხადა უგულავამ.
მისივე თქმით, ამ ყველაფრის მიზეზი შეიძლება იყოს მთავრობის შიდა კომუნიკაციური პრობლემები, ან მთავრობის კომუნიკაციის პრობლემა საზოგადოებასთან.
შსს-ს ინფორმაციით, ე.წ. ჯიჰადის ვიდეოს საქმეზე ბრალდებულია ყირგიზეთის მოქალაქე სამარ ჩოკუტაევი, რომელიც ამჟამად საქართველოს არაკონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ნინო გიორგობიანის თქმით, ჩოკუტაევი სოხუმში მობილური კავშირგაბმულობის ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობს.





