პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა შსს-ს მიერ ე.წ. ჯიჰადის ვიდეოს საქმის გახსნასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
"მე მინდა მოსახლეობას ავუხსნა, რომ ეს ერთ-ერთი ურთულესი საქმე იყო, შეიძლება ითქვას, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. მთელი რიგი საერთაშორისო ექსპერტები იყვნენ ჩართული ამ საქმის გამოძიებაში და მართლაც შს სამინისტროს ორგანოების სპეციალისტებმა გამოავლინეს საუკეთესო უნარ-ჩვევები და გახსნეს ეს საქმე. მე მათ ვულოცავ. არ გეგონოთ, რომ ეს არის მარტივი საქმე და მეტსაც გეტყვით, ამ გახსნით ჩვენ ერთგვარად მთელ საერთაშორისო საზოგადოებას და განსაკუთრებით იმ პირებს, რომლებსაც ბოროტი ზრახვები გააჩნიათ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, ძალიან მკაფიოდ ვუთხარით, რომ ჩვენ მსგავსი საქმის გახსნა შეგვიძლია და უფრო მეტ პრევენციულ ღონისძიებებსაც განვახორციელებთ", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ინტენსიური საგამოძიებო და ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების შედეგად დადგინდა დანაშაულის ჩამდენი პირი და ის 1989 წლის 6 მარტს დაბადებული ყირგიზეთის მოქალაქე სამარ ჩოკუტაევია, რომელიც სოხუმში მობილური კავშირგაბმულობის ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობს. შსს-ს ინფორმაციით, ჩოკუტაევის მიმართ დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 330-ე პრიმა მუხლით.





