წინასაარჩევნო კამპანია

ბაქრაძე: შემაშფოთებელია მთავრობის რიტორიკა, რომ ყველა დაპირება შესრულებულია

დავით ბაქრაძის Facebook-ის გვერდი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პრეზიდენტობის კანდიდატის დავით ბაქრაძის შეფასებით, განსაკუთრებით შემაშფოთებელია მთავრობის რიტორიკა, რომ ყველა დაპირება შესრულებულია.როგორც ბაქრაძემ რუსთავის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, პარტიული კუთვნილების მიუხედავად, ის ყველას პრეზიდენტი იქნება.

"ქართული ოცნების წარმომადგენლების მსგავსად არ ვიტყვი, ბენზინი იმიტომ არ იაფდება, რომ ბიძინა იდებს ერთ ლარს ჯიბეში მეთქი, როგორც ისინი ამბობდნენ მიხეილ სააკაშვილზე. ასეთ შეხვედრებზე კარგად ჩანს, რამდენი დაპირებაა შეუსრულებელი, როგორ აწუხებს ხალხს უმუშევრობა, სიღარიბე, კომუნალური გადასახადები. სწორედ ამიტომ, მთავრობას სჭირდება მუდმივი კონტროლი და პრეზიდენტი, რომელიც არ მისცემს საშუალებას ილაპარაკონ, რომ ყველაფერი არის კარგად. სინამდვილეში, მაგალითად რუსთავში, სადაც ბოლო წლებში ძლივს დაიწყო განვითარება, ლითონკონსტრუქციების რამდენიმე ქარხანა დაიხურა იმ მარტივი მიზეზით, რომ საქართველოში მშენებლობის ტემპი არის პრაქტიკულად შეჩერებული", - განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა. მისივე თქმით, მთავრობის მხრიდან საუბარი იმაზე, რომ ყველაფერი კარგად არის, აბსოლუტურად უადგილოა.

"მთავრობას სჭირდება ისეთი პრეზიდენტი და ისეთი კონტროლი, რომელიც თვითონაც იმუშავებს, მთავრობასაც ამუშავებს და ყველაფრის შედეგი იქნება მეტი სამუშაო ადგილი, მეტი დასაქმებული, უკეთესი ეკონომიკა", - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

კომენტარები