ოკუპირებული ტერიტორიები

ბარნოვი: ივანიშვილის დიცსა და დვანში ჩასვლას პრინციპული მნიშვნელობა აქვს

www.weeknews.ge

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ანდრო ბარნოვის აზრით, ბიძინა ივანიშვილის დიცსა და დვანში ჩასვლას პრინციპული მნიშვნელობა აქვს და ბევრ რამეს შეცვლის.

"მე დიდი იმედი მაქვს, რომ არ ვაპირებთ ვიცხოვროთ სახელმწიფოში, რომელსაც მართავს ხონთქარი, ასევე იმედი მაქვს, რომ პრემიერი რაღაც მომენტში გააცნობიერებს, რომ მაინც დემოკრატიულ სახელმწიფოში ცხოვრობს. რა მადლიერებაზეა ლაპარაკი? მას აქვს ფუნქციები, რომლებიც უნდა შეასრულოს. პრემიერმა დღეს თქვა, რომ დიცსა და დვანში არ ჩადის, რადგან ბევრი საქმე აქვს. ბევრი საქმე გვაქვს ყველას, მაგრამ ჩვენი საქმე იწყება დილის 09:00 საათზე და მთავრდება ხანდახან მეორე დღის ექვს საათზე, მისი საქმე კი იწყება 09:00 საათზე და მთავრდება საღამოს 18:00 საათზე, ასე ვერ მოასწრებს მუშაობას. რომ ამბობს ათასად ვერ გავიჭრებიო, უნდა გაიჭრას. რომ იძახის რა მნიშვნელობა აქვს მე ჩავალ თუ არა მაინც არაფერი შეიცვლებაო - შეიცვლება, რადგან საზოგადოებას სჭირდება სოლიდარობის კულტივირება. მას ესმის საერთოდ, რა არის სოლიდარობა?", - თქვა ანდრო ბარნოვმა.

ბარნოვის თქმით, ის სოფლებში ჩასვლას კვლავ აპირებს.

"მე იქ ჩავალ კიდევ ამ დღეებში, ადგილობრივ მოსახლეობას ვეტყვი და დღეს გუბერნატორსაც ვთხოვე, რომ შეარჩიოს ისეთი ადგილები, სადაც შეშის მოგროვება იქნება შესაძლებელი. თითო ოჯახმა რომ ერთი იღლია შეშა მოიტანოს, ამ ხალხს შეშის პრობლემა აღარ ექნება, სამაგიეროდ, იქნება სოლიდარობა და კარგი მაგალითი პრემიერმინისტრისთვის, თუ რას ნიშნავს სოლიდარობა", - აღნიშნა ბარნოვმა. 

დღეს ანდრო ბარნოვი სოფელ დვანში იმყოფებოდა. ბარნოვის თქმით, მან ადმინისტრაციის წევრებთან ერთად საკუთარი ბიუჯეტიდან გარკვეული თანხა გაიღო და ადგილობრივებს საყოფაცხოვრებო ნივთები ჩაუტანა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი სოფელში იმ დროს ჩავიდა, როდესაც ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და ექიმები მოსახლეობას ხვდებოდნენ. ექიმები ადგილობრივებს სამედიცინო გამოკვლევას უტარებდნენ.

ბარნოვმა სერგეენკო იმის გამო გააკრიტიკა, რომ ადგილობრივი მოსახლეობის დიდ უმრავლესობას სოციალური დახმარება შეუწყდა. რაზეც სერგეენკომ უპასუხა, რომ დადგენილება, რომლის მიხედვითაც ადგილობრივებს დახმარება შეუწყდათ, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნისას მიიღეს.

 

კომენტარები