პრემიერის შეხვედრა ჟურნალისტებთან

გრიგოლია: იყო იმის მცდელობა, რომ გაკვეთილი ჩაეტარებინათ ჟურნალისტებისთვის

radiotavisupleba.ge

"იყო იმის მცდელობა, რომ გაკვეთილი ჩაეტარებინათ ჟურნალისტებისთვის", -  ასე აფასებს პრემიერმინისტრის შეხვედრას მედიახელმძღვანელებთან და ტელეგადაცემების წამყვანებთან ჟურნალისტი ინგა გრიგოლია.

"მაგალითად, ისეთი, რომ შენ არ უნდა დასვა კრიტიკული კითხვა, იმიტომ რომ ამით თურმე რომელიმე მინისტრს შეიძლება ეტკინოს გული. დიდი ბოდიში, მაგრამ მინისტრს თუკი გული ეტკინება, ის პოლიტიკაშია და იმასაც უნდა ნებისმიერი მინისტრი, რომ კრიტიკული კითხვისთვის უნდა იყოს მზად. მე ჩემი კონკრეტული მაგალითიდან გამომდინარე ვიტყვი, მე მქონდა გუშინწინ პირდაპირ ეთერში ჩართვა სოფელ დვანიდან, საიდანაც მოსახლეობა ძალიან ბევრ პრეტენზიას გამოთქვამდა ამ ჩართვის განმავლობაში. ჩვენ პრემიერს ვუხსნიდით, მეც პირადად, რომ არცერთი მინისტრი არ იყო ნამყოფი სოფელ დვანში, ყოველ შემთხვევაში, გუშინწინ საღამომდე [გადაცემამდე] და მას არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ იქ მართლა არ იყვნენ ეს მინისტრები ნამყოფი. საბოლოო ჯამში, ის წერილი, რომელიც მან დადო ვიღაცის მიერ დაწერილი, აღმოჩნდა, რომ მართლა დვანში კი არ იყვნენ, არამედ სულ სხვა სოფელში იყვნენ ეს მინისტრები ჩასული. ეს იყო ჩემი მთავარი დადებული პირობა, რომელიც მე მივეცი დვანელებს. ვიცოდი, რომ ასეთი ტიპის შეხვედრა იქნებოდა პრემიერთან და მე მათ შევპირდი, რომ აუცილებლად მათ პრეტენზიებს მივიტანდი პრემიერის ყურამდე. დღესდღეობით ჩემთვის ეს იყო ყველაზე რთული კითხვა და თემა, რომელიც ჩვენს ქვეყანას აწუხებს, რომელიც აწუხებს კონკრეტულ ადამიანებს. პრემიერი კი არ დამეთანხმა, მაგრამ მე მგონი ყველამ ნახა, რომ ინფორმაცია, რომელსაც მე საზოგადოებას ვაწვდიდი ამ დღეებში და კითხვა, რომელიც მე მას დავუსვი, რომ იქ გუშინწინ ღამემდე კიდევ არ იყვნენ მინისტრები ჩასული, აღმოჩნდა, რომ მე ვიყავი მართალი", - ამბობს ინგა გრიგოლია.

კომენტარები