ოკუპირებული ტერიტორიები

ზაქარეიშვილი: ჩვენ კონფრონტაციას კონფრონტაციით არ ვპასუხობთ

პაატა ზაქარეიშვილი
people.ge

სახელმწიფო მინისტრის რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილის შეფასებით, ხელისუფლების მთავარი გამოწვევა საოკუპაციო ხაზთან არსებული პრობლემებია. როგორც ზაქარეიშვილმა ერთწლიანი მუშაობის შეფასებისას აღნიშნა, მთავრობა ამ გამოწვევას ღირსეულად უძლებს.

"აშკარაა, რომ არის პროვოკაცია, რათა ჩაგვითრიონ აგრესიულ ქმედებებში და კონფრონტაციას კონფრონტაციით ვუპასუხოთ. ჩვენ ამას არ ვუშვებთ. სწორედ ეს არის პრინციპული განსხვავება ჩვენსა და წინა ხელისუფლებას შორის, რომელიც ვერ უძლებდა ცდუნებას, აჰყვებოდა პროვოკაციას და დიდ ზარალს აყენებდა ქვეყანას. ჩვენ ძალიან ვწუხვართ და ვმუშაობთ ზარალის მინიმუმამდე დასაყვანად. ამჯერად ზარალი ათობით ადამიანს ეხება და არა ათასობით ადამიანს, როგორც წინა ხელისუფლების პირობებში. რა თქმა უნდა, ოკუპაცია 2008 წლიდან გრძელდება. ეს არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ წარსულზე ტირილს აზრი არ აქვს. უნდა ვეცადოთ, პრობლემები მინიმუმამდე დავიყვანოთ და მოსახლეობა იყოს დაცული", - აღნიშნა ზაქარეიშვილმა.

სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში გალის რაიონში არსებულ პრობლემებზეც საუბრობს. ზაქარეიშვილის ინფორმაციით, გალის დე ფაქტო ადმინისტრაციამ საბავშვო ბაღებიდან იმ ბავშვების გამორჩევა დაიწყო, რომლებსაც ქართული დაბადების მოწმობები აქვთ. ზაქარეიშვილი ამ ფაქტს ეთნიკურ წმენდად აფასებს და იმედოვნებს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას სერიოზული რეაქცია ექნება. 

"ეთნიკურ წმენდაზე, ბუნებრივია, სახელმწიფოს და საერთაშორისო თანამეგობრობის რეაქციაც მკაცრი უნდა იყოს", - აღნიშნა ზაქარეიშვილმა.

კომენტარები