საპრეზიდენტო არჩევნები 2013

ცესკო: ამომრჩევლებთან ურთიერთობისას ნუ ისარგებლებთ ჩვენი სახელით

ცესკო

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, სხვადასხვა ჯგუფი ცესკოს სახელით სარგებლობს და სიების მონიტორინგის მოტივით, ამომრჩეველთა მონაცემებს აგროვებს. ცესკო საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებს მოუწოდებს - ამომრჩევლებთან ურთიერთობისას ნუ ისარგებლებენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის სახელით.

"ცენტრალური საარჩევნო კომისია მიესალმება ამომრჩეველთა სიების გადამოწმების ყველა მცდელობას და მზად არის ხელი შეუწყოს ამ საკითხით დაინტერესებულ ნებისმიერ მხარეს. ამასთან, ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია პასუხს აგებს მხოლოდ მის მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე და მოუწოდებს საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებს - ამომრჩევლებთან ურთიერთობისას ნუ ისარგებლებენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის სახელით. აღსანიშნავია, რომ 27 სექტემბრიდან საუბნო საარჩევნო კომისიებმა ამომრჩეველთა საინფორმაციო ბარათების დარიგების პროცესი დაიწყეს. ამ ბარათების მეშვეობით ამომრჩევლებს შესაძლებლობა ექნებათ გადაამოწმონ საკუთარი მონაცემები: მათი ნომერი ამომრჩეველთა ერთიან სიაში, რეგისტრაციის ადგილი და იმ საარჩევნო უბნის მისამართი, სადაც კენჭისყრაში მიიღებენ მონაწილეობას", - აცხადებს ცესკო.

ამასთან, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია მოუწოდებს ამომრჩევლებს, ისარგებლონ ყველა არსებული საშუალებით და გადაამოწმონ საკუთარი მონაცემები ამომრჩეველთა სიებში.

მონაცემების გადამოწმება შესაძლებელია ამომრჩეველთა ერთიან სიაში - http://voters.cec.gov.ge/; ცესკოს ცხელ ხაზზე - 2 51 00 51; ონლაინჩეთში - http://www.cec.gov.ge/webim/client.php?locale=ge და ონლაინოპერატორთან - http://call.cec.gov.ge:8080/?job=click2call.

კომენტარები