ოკუპირებული ტერიტორიები

მიხეილ სააკაშვილი: კონფრონტაცია არ გვარგებს

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ქვეყანა დიდი საერთო ეროვნული კრიზისის წინაშე დგას და აქედან ერთადერთი გამოსავალი ერთიანობაა. პრეზიდენტი პრემიერ ბიძინა ივანიშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილი ვერ იქნება კარგი მასწავლებელი და აღნიშნა, რომ ერთიანობა საჭიროა იმის მიუხედავად - "მოგვწონს ერთმანეთი თუ არა". პრეზიდენტის თქმით, საქართველოს ანექსია 80-იანი წლების ბოლოს დაიწყო, ხოლო 2008 წელს, "ქართულმა მხარემ წინააღმდეგობა გაწია, მთელი მსოფლიო ფეხზე დააყენა, სახელმწიფოებრიობა გადაარჩინა და რუსეთის არმიის წინსვლა შეაჩერა".

"შემდგომ წლებში ჩვენ მოვახერხეთ ტერორისტული აქტების და აღიარების სერიების შეჩერება. წინა წლებში ვერავინ ბედავდა მავთულხლართების გაბმას. ამიტომ ახლა, ბოლო თვეებში ჩვენ დავკარგეთ უფრო მეტი სახნავ-სათესი მიწა, ჰექტრებში გამოსახული, ვიდრე იყო ქურთასა და თამარაშენში - ერთად აღებული. ქურთისა და თამარაშენის აღება რუსეთს მოუხდა ძალიან დიდ პოლიტიკურ ფასად და ახლა პოლიტიკურად საერთოდ არაფერი გადაუხდია. თუ რუსეთს ეს არაფერი არ დაუჯდება, ამას გააგრძელებს. ეს გამოცდილება ჩვენ დავაგროვეთ - მიღწევებისაც და შეცდომებისაც. მე არ გავურბივარ არც შეცდომებს და ჩვენ ვიცით, რა მიღწევებიც გვაქვს. ამიტომ სწორედ ეს გვინდა გავუზიაროთ მთავრობას არა მხოლოდ მიღწევების, არამედ იმ შეცდომების შესახებ, რომელიც, რა თქმა უნდა, იყო. რაღაცები შეიძლება უკეთ უნდა გაკეთებულიყო, მაგრამ ახლა კონფრონტაცია არ გვარგებს. ჩვენი მიწა მიაქვთ, ჩვენს ხალხს ასახლებენ და რამდენიც არ უნდა ვიძახოთ, რომ ეს არის პროვოკაცია, არ გამოვა. ეს არის ფაქტი. ვინც არ უნდა იყოს მთავრობის სათავეში, რუსეთი აგრძელებს ერთსა და იმავეს და დიდი ხანია, ამას ყველა უნდა მივხვდეთ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა გუშინ, აშშ-დან დაბრუნების შემდეგ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, მთავრობას თანამშრომლობა შესთავაზა. პრემიერ ბიძინა ივანიშვილის შეფასებით კი, მიხეილ სააკაშვილი კარგ მასწავლებლად ვერ გამოდგება. რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის გამოცდილებამ ქვეყანას ოკუპაცია მოუტანა. ხოლო, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტის შეთავაზება თანამშრომლობაზე - დაგვიანებულია, რადგან მიხეილ სააკაშვილი პოსტზე კიდევ მხოლოდ ერთ თვეს იქნება.

კომენტარები