საქართველო-ევროკავშირი

ფანჯიკიძე აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების მინისტრებს შეხვდა

facebook.com/maiapanjikidzeofficial

გაეროს გენერალური ასამბლეის 86-ე სესიის პარალელურად, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტის ქეთრინ ეშტონის ინიციატივით, 26 სექტემბერს, აღმოსავლეთ პარტნიორობის აქტუალურ საკითხებზე ექვსივე აღმოსავლეთევროპული პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელთან, მინისტრთა დონეზე შეხვედრა შედგა. ევროკავშირის მხრიდან, შეხვედრას ესწრებოდნენ ევროკომისარი გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის დარგში შტეფან ფულე, ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე ჰელგა შმიდი და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლინას ლინკიავიჩუსი. ქართულ დელეგაციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ხელმძღვანელობდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს პარტნიორი ქვეყნების მიერ დასახული მიზნები და მოლოდინები ვილნიუსის სამიტის კონტექსტში. ქეთრინ ეშტონის, შტეფან ფულესა და ლინას ლინკიავიჩუსის მიერ აღინიშნა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს სამიტზე უკრაინასთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერას, ხოლო საქართველოსა და მოლდოვასთან - მის პარაფირებას. სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი შეეხო აღმოსავლეთევროპულ პარტნიორ ქვეყნებზე რუსეთის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლას და აღინიშნა, რომ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობა და ევრაზიის საბაჟო კავშირში გაწევრიანება არ არის თავსებადი.

ამასთან, შტეფან ფულემ ხაზი გაუსვა ევროკომისიის მიერ მაქსიმალურ მცდელობათა განხორციელების აუცილებლობას, ამჟამინდელი ევროკომისიის მანდატის ამოწურვამდე, საქართველოსა და მოლდოვასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებების ხელმოწერის მიზნით.

კომენტარები