ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია

მარიჩელ მატეუ პი : საქართველოში შედარებით უფრო კონკურენტული საარჩევნო გარემოა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართა. დელეგაციის ხელმძღვანელის მარიჩელ მატეუ პის შეფასებით, ბოლო პერიოდის სხვა არჩევნებთან შედარებით, ამჟამად საქართველოში უფრო ღია და თანაბრად კონკურენტული საარჩევნო გარემოა. მისი თქმით, საქართველოს აქვს შესაძლებლობა ჩაატაროს საპრეზიდენტო არჩევნები, რომელსაც მოქალაქეები ენდობიან და რომელიც ევროსაბჭოს სტანდარტებს დააკმაყოფილებს.

"ეს აღსანიშნავი მიღწევა იქნება ქვეყნისა და მთელი რეგიონისთვის. ამ მიზნით, საარჩევნო კამპანიისას უნდა გამოირიცხოს პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა ოპოზიციის მხარდამჭერთა მიმართ და მათი დაშინება, ყოველგვარი ზეწოლა არჩეულ, თუ დანიშნულ თანამდებობის პირებზე, რომ ვადამდე დატოვონ დაკავებული თანამდებობები, აგრეთვე საარჩევნო პროცესზე ნებისმიერი გაუმართლებელი ჩარევა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან. შესაბამისმა უწყებებმა უნდა გამოიცნონ საარჩევნო კამპანიიდან გამოვლენილი ყველა სავარაუდო დარღვევა. მკაცრი და თანაზომიერი სანქციები უნდა გატარდეს, რათა მომავალში თავიდან ავიცილოთ დარღვევები და საზოგადოებას უნდა მიეწოდოს ამ მიმართულებით ინფორმაცია გატარებული ღონისძიებების შესახებ", - განაცხადა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა. მარიჩელ მატეუ პის თქმით, დელეგაცია კმაყოფილია, რომ ძირითად პოლიტიკურ ძალებს შორის არსებობს კონსენსუსი საარჩევნო კანონმდებლობასა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებების თაობაზე.

"ახლა გადამწყვეტია აღნიშნული ცვლილებების ეფექტიანი განხორციელება, კერძოდ, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების აკრძალვა, ამომრჩეველთა დაზუსტებული სიების უზრუნველყოფა, ასევე პოლიტიკური პარტიების და კანდიდატების დაფინანსებისა და ხარჯების გამჭვირვალობისათვის კონტროლის საკითხებთან მიმართებაში", - ამბობს დელეგაციის ხელმძღვანელი.

შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ საქართველოში უმცირესობების კუთხით და საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმართებაში წარმოქმნილ პრობლემებზეც ისაუბრა. მარიჩელ მატეუ პის თქმით, დელეგაციამ მიიღო ინფორმაცია უმცირესობათა მიმართ არაშემწყნარებლური დამოკიდებულების შემთხვევების შესახებ. დელეგაცია დაუშვებლად მიიჩნევს ეთნიკური თუ რელიგიური ხასიათის დელიკატური საკითხების პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას. რაც შეეხება საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებულ საკითხებს, როგორც მარიჩელ მატეუ პიმ აღნიშნა, ევროსაბჭოს დელეგაცია შეწუხებულია საზოგადოებრივი მაუწყებლის გარშემო შექმნილი კონფლიქტური სიტუაციით. ის მიიჩნევს, რომ წახალისებული უნდა იყოს დებატები საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა 32-კაციანი სადამკვირვებლო მისიით 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებს დააკვირდება. ასამბლეის წინასაარჩევნო დელეგაციამ საქართველოში რამდენიმე შეხვედრა გამართა. 

 

კომენტარები