ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია პრეზიდენტობის კანდიდატებს შეხვდა

CIVIL.GE

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია პრეზიდენტობის კანდიდატებს შეხვდა. გიორგი მარგველაშვილმა, დავით ბაქრაძემ, ნინო ბურჯანაძემ, გიორგი თარგამაძემ და შალვა ნათელაშვილმა ევროპელ პოლიტიკოსებთან შეხვედრა ცალ-ცალკე გამართეს. საუბრის მთავარი თემა წინასაარჩევნო გარემო იყო. 

"ხაზი გავუსვი იმას, რომ მადლობელი ვარ მათი ასეთი აქტიური ჩართულობისთვის. ჩვენ ვისაუბრეთ საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობაზე, ვუთხარი, რომ არ ვადარებთ ამ არჩევნებს 2012 წლის არჩევნებს, რადგან ეს თვისობრივად განსსხვავებულია. ჩვენ არ ვედრებით სააკაშვილის სისტემას და სააკაშვილის რეჟიმს. ჩვენ ვედრებით ევროპას, ამიტომაც, გვინდა ევროპის სტანდარტებით შეხედონ ამ არჩევნებს და რაც ჩასასწორებელი ან ანგარიშგასაწევია, სწორედ მაღალი ევროპული სტანდარტებით ვიმსჯელოთ ამაზე", - განაცხადა ქართული ოცნების პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის დავით ბაქრაძის თქმით კი, ევროსაბჭოს დეპუტატებს წინასაარჩევნო პერიოდში არსებულ პრობლემებზე ესაუბრა.

"ჩვენი კოლეგები ევროსაბჭოდან განსაკუთრებით შეშფოთებულები არიან იმ ძალადობის შემოტევებით, რომელსაც ადგილი აქვს წინასაარჩევნო კამპანიისას. მე იმედი მაქვს, რომ ხელისუფლება ადეკვატურად მიუდგება ამ შეშფოთებებს და მოვახერხებთ ქვეყნისთვის გამოსადეგი არჩევნების ჩატარებას. ჩემი მთავარი ამოცანაა, ჩატარდეს ისეთი არჩევნები, რომ მოიგოს ჩვენმა ქვეყანამ და საქართველომ გააგრძელოს წინსვლა", - ამბობს ბაქრაძე. 

დემოკრატიული მოძრაობის ლიდერის ნინო ბურჯანაძის შეფასებით კი, წინასაარჩევვნო გარემო დისკრიმინაციულია. მისი თქმით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან შეხვედრაზე სწორედ ამ თემაზე ისაუბრა. პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებით, წინასაარჩევნო გარემო შიშისაგან უფრო თავისუფალია, ვიდრე ერთი წლის წინ, მაგრამ სამართლიანობა არ აღმდგარა.

"კანდიდატებს არ აქვთ თანაბარი პირობები საარჩევნო გარემოს თვალსაზრისით. მე ვარ დისკიმინაციულ მდგომარეობაში. ქართული ოცნების და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატებს აქვთ ძალიან ბევრი პრივილეგიები, მათ შორის, საეთერო დრო და რეკლამა. მე ამის საშუალება და უფლება არ მაქვს", - აღნიშნავს ბურჯანაძე. 



კომენტარები