ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა ექსპერტებთან

ივანიშვილი: ჩემი შემცვლელის სამი კანდიდატურა მყავს

fb.com/OfficialBIDZINAIVANISHVILI

საქართველოს პრემიერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, თავისი შემცვლელის სამი კანდიდატურა ჰყავს. ამის შესახებ ივანიშვილმა ექსპერტებთან შეხვედრაზე თქვა, თუმცა აღნიშნა, რომ მომავალი პრემიერის ვინაობას არ დააკონკრეტებს.

"პრინციპში, არჩევანი გაკეთებული მაქვს. მე მქონდა სამი ვარიანტი. სამივეს ვუყურებდი და სამივეს ვიტყვი, თუ საჭირო იქნება ბოლოს. დრო კიდევ მაძლევს საშუალებას, რატომ უნდა ვიჩქარო?! რომ არ შევცდე, დრო კიდევ არის", - აღნიშნა ივანიშვილმა. 

მისივე თქმით, მომავალი პრემიერის კანდიდატის დასახელების ვალდებულება არ აქვს და ეს პოლიტიკურადაც გაუმართლებელიც იქნება, რადგან წინ საპრეზიდენტო არჩევნებია.

პრემიერის განმარტებით, მიზეზი, რატომაც არ აკონკრეტებს საკუთარი შემცვლელის ვინაობას, რამდენიმეა.

"პროცესი არ უნდა დაკნინდეს და ფოკუსირება საპრეზიდენტო არჩევნებზე უნდა მოხდეს. თან, პრემიერის კანდიდატურის დასახელებას აჟიოტაჟი მოჰყვება", - აღნიშნა ივანიშვილმა. 

კომენტარები