კონფლიქტური ზონა

ნარმანია კონფლიქტისპირა სოფლებში მცხოვრებლებს შეხვდა

დავით ნარმანია
RFE/RL

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, დავით ნარმანია და რეინტეგრაციის მინისტრის მოადგილე, ქეთევან ციხელაშვილი კონფლიქტისპირა სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდნენ. საუბარი შეეხო სოფელ დვანში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებს.

როგორც დავით ნარმანია აღნიშნავს, მთავრობა ყველანაირად ცდილობს, რომ დვანთან დაკავშირებული მოვლენები საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით მოაგვაროს. "ხუთშაბათს, მთავრობის სხდომაზე მექნება საუბარი არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. დვანთან მიმართებაში უნდა ითქვას, რომ ძალიან არასასურველი მოვლენაა, ერთის მხრივ, მეორეს მხრივ კი, ამას საფუძველი 2008 წლიდან აქვს. ჩვენი ხელისუფლების პოზიციაა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით, მშვიდობიანი გზით მოგვარდეს ეს პრობლემა", - განაცხადა დავით ნარმანიამ. 

ქეთევან ციხელაშვილმა კი აღნიშნა, რომ ხელისუფლება რუსულ პროვოკაციას არ უნდა წამოეგოს და ყველანაირად უნდა შეეცადოს დვანსა და სხვა სოფლებში პრობლემები მშვიდობიანი გზით გადაჭრას. "დღესაც, სამწუხაროდ, პრობლემა გვაქვს დვანში და ის ფაქტი, რომ 2008 წელს დაიწყო, არანაირად არ ამცირებს ამ პრობლემების სიმწვავეს. ძალიან ბევრი სოფელი და ადამიანი დაზარალდა ამ მავთულხლართების გავლების შემდეგ. ჩვენ გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია ყველა საერთაშორისო პარტნიორთან, რომ ერთის მხრივ შეჩერდეს ეს პროცესი. რუსეთს, უკვე ჩანს, რომ ექმნება დისკომფორტი მათი განცხადებებიდან გამომდინარე. დისკომფორტი ყველაზე მინიმუმია, ამას უნდა მოჰყვეს დეოკუპაცია. ამავდროულად, ჩვენ არ უნდა წამოვეგოთ რუსულ პროვოკაციას, რომლის ამოცანაც შეიძლება იყოს ის, რომ გამძლეობაზე და პრინციპულობაზე ზემოქმედება იქონიონ", - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა. 

კომენტარები